თბილისის საქალაქო სასამართლოში 31 დეკემბერს დაკავებულების საქმეზე ორი სამართალდამცველი დაიკითხა.
პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაში ბრალდებულების - ნოდარ რუხაძის, გიორგი შოთაძის და რომეო ფარულავას ადვოკატების თქმით, დაკითხული პოლიციელები, მათი დაცვის ქვეშ მყოფების დაკავებისას ადგილზე არ იმყოფებოდნენ.
"თუ ვინმეს ამ ქვეყანაში აქვს პროტესტი, შეინახონ საკუთარი თავისთვის, რადგან თუ გამოვლენ ქუჩაში იქნებიან რეპრესიების მსხვერპლი. მათ დააჯარიმებენ, დააპატიმრებენ უკანონოდ და შემდეგ თვეების განმავლობაში ატარებენ სასამართლოებზე," - განაცხადა მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ.
ადვოკატებმა სასამართლოს პოლიციელების სამხრე კამერების ამოღებისა და დამატებით მოწმეების გამოკითხვის შუამდგომლობით მიმართეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა და ვიდეომტკიცებულებების განხილვა 14 იანვარისთვის გადაიდო.