პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ODIHR-ის დასკვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების რეფორმის პროცესი უნდა შეჩერდეს. ბესელიამ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში პარლამენტს მოსამართლეთა შერჩევის ახალ კრიტერიუმებს წარუდგენს, სადაც გათვალისწინებულია საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები.
"საქართველომ მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში დაუშვა საბედისწერო შეცდომა, მან იმედი გაუცრუა ყველა საერთაშორისო პარტნიორს. პროცესი უნდა შეჩერდეს. თქვენ იცით, რომ მე ვმუშაობ ახალ ცვლილებებზე, რომელსაც მალე წარვადგენ, მოსამართლეთა შერჩევის ახალ კრიტერიუმებზე, სადაც იქნება ჩადებული ეუთო/ოდირ-ის, ევროკავშირის და ამერიკის საელჩოს რეკომენდაციები, მათ შორის ევროსაბჭოს რეკომენდაციები. ამ ცვლილებებს შევთავაზებ პარლამენტს უახლოეს დღეებში,"-განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ 9 იანვარს, ეუთოს ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის შესახებ, ეუთო-ოდირის მეორე, კრიტიკული ანგარიში გამოქვეყნდა.
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი