10 სექტემბერი 2026,   19:53
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდების საქმეზე პროკურატურის ორი მოწმე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდების საქმეზე პროკურატურის ორი მოწმე, ირაკლი ბუთბაია და ვასილ თედიაშვილი დაიკითხნენ. ორივე მათგანი პოლიციელია. ისინი ამბობენ, რომ 20 ივნისს პარლამენტთან ღამით მიმდინარე აქციაზე ოქრუაშვილი დაინახეს.

სასამართლო სხდომაზე თედიაშვილმა განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ირაკლი ოქრუაშვილი იმყოფებოდა, თუმცა მისგან რაიმე ტიპის მოწოდება არ გაუგია.

რაც შეეხება მეორე მოწმის, პოლიციელ ირაკლი ბუთბაიას მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, ის ამბობს, რომ 20 ივნისის აქციაზე ირაკლი ოქრუაშვილისგან კონკრეტული მოწოდება გაიგონა. დღევანდელ სხდომას ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი არ ესწრებოდა.

ოქრუაშვილის ადვოკატის განცხადებით, დღეს დაკითხული მოწმეები განცხადებები უბრალოდ ირაკლი ოქრუაშვილის მიტინგზე ყოფნას ადასტურებენ. მამუკა ჭაბაშვილის თქმით, მათი ჩვენებებიდან ოქრუაშვილის მიერ არანაირი ძალადობის ბრალეულობა არ დასტურდება.

"ორი პოლიციელი დაიკითხა დღესაც, ისე როგორც წინა სხდომებზე. უბრალოდ პოლიციელები იყვნენ, რომლებიც ადგილზე იყვნენ და ოქრუაშვილზე ამბობენ მხოლოდ იმას, რომ იგი იყო მიტინგზე.

მისი მხრიდან არანაირ ძალადობაზე საუბარი არ არის. ხალხის მასაში იყო, როცა აწვებოდნენ მას და ბუნებრივია, მისი გადაადგილებაც, აქედან გამომდინარე, შეზღუდული იყო," – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი.

საქმის პროკურორის ვაჟა თოდუას თქმით კი მოწმეების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა და მომიტინგეებს ანალოგიური ქმედებებისკენ შეძახილებით მოუწოდებდა.

"დაიკითხა ბრალდების მხარის ორი მოწმე ირაკლი ოქრუაშვილის პროცესზე. მათ განაცხადეს, რომ ნახეს ირაკლი ოქრუაშვილი, ის იყო მათ წინ და ცდილობდა პოლიციის კორდონის გარღვევას, აწვებოდა პოლიციის კორდონს. პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ასევე განაცხადა, რომ ის მიმართავდა იქ მყოფ ადამიანებს სიტყვებით "წინ, წინ" და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ამ მოქმედებებში," - განაცხადა პროკურორმა ვაჟა თოდუამ.

დღის ამბები