26 აპრილი 2024,   23:10
ვრცლად
არეულობა სოხუმში - ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომამდე გაგრძელდება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რომლის მიხედვითაც 8 სექტემბრის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები ბათილად ცნეს, სოხუმში ისევ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად ახლა მოქმედი დე ფაქტო ლიდერის რაულ ხაჯიმბას გადადგომა რჩება. ოპოზიცია აცხადებს, რომ ე.წ. სამთავრობო შენობების ბლოკირება გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ხაჯიმბა პოსტის დატოვების გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ამავე პოზიციას იზიარებს "ოპოზიციურ ძალთა ბლოკის" ლიდერი ასლან ბჟანია, რომელიც მოსკოვიდან სოხუმში 9 იანვარს დაბრუნდა. ის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა, ამბობს იმასაც, რომ ბრძოლა დე ფაქტო არჩევნების თარიღის დანიშვნამდე არ დასრულებულა. ბჟანია 2019 წელს პრეზიდენტობის ე.წ. კანდიდატი იყო, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კანდიდატურა მოხსნა. ოპოზიციაში დარწმუნებულნი არიან, რომ ასლან ბჟანია მოწამლეს. ის ჯერ მოსკოვის, შემდეგ კი გერმანიის კლინიკებში მკურნალობდა.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდება, კომენტარი არ გაუკეთებია რაულ ხაჯიმბას. თუმცა, როგორც მის პრესსამსახურში განმარტეს, ვერდიქტი კანონდარღვევით გამოიტანეს, რაც ოკუპირებულ რეგიონში ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას გამოიწვევს. სწორედ ამ საფრთხეების გათვალისწინებით შედგა საგანგებო შეხვედრა სოხუმში. პოლიტიკური კრიზისისა და დაძაბულობის ფონზე დე ფაქტო პრეზიდენტმა ოკუპანტი ქვეყნის რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევთან გამართა მოლაპარაკება. ამ ფონზე, ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა ე. წ. მინისტრი დაურ კოვე ამტკიცებს, რომ სოხუმში მიმდინარე მოვლენები მათი საშინაო საქმეა.

ახლა სოხუმში სიმშვიდეა. ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ალხას კვიცინიას სარჩელის განხილვა ე. წ არჩევნების შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. კვიცინიას მომხრეებმა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა შტურმით აიღეს და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასა და რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვდნენ.

დღის ამბები