თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე და კითხვები, რომელსაც გამოძიებამ პასუხი მესამე წელსაც ვერ გასცა -"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებს აფასებს და განმარტავს, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ სროლის განმახორციელებელი და ადგილზე მყოფ სხვა სპეცრაზმელთა გამოკითხვა დაგვიანებით და ფორმალურად ჩატარდა.
"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ სუსმა უკანონო და დაუგეგმავი ქმედებები განახორციელა.
"საქმეში გამოჩნდა გამოძიების პროცესში სუსის უკანონო ინტერვენცია, როდესაც პირველადი ჩხრეკა თვითონ ჩაატარა. ასეთი მასშტაბური სპეცოპერაცია სუსმა სრულიად დაუგეგმავად წარმართა," - განაცხადა თამთა მიქელაძემ.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სისხლის სამართლის ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი აცხადებს, რომ თემირლანის მიმართ გამოყენებული ძალა არ იყო პროპორციული.
"მას შემდეგ, რაც საიდუმლო მასალებს გავეცანით, უამრავი დეტალი გამოიკვეთა. მტკიცებულებების ფალსიფიცირება განხორციელდა და თემირლანს ვერ ექნებოდა ხელყუმბარა, შესაბამისად მის მიმართ გამოყენებული ძალაც არ იყო პროპორციული,"- განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა.