რამდენიმე წუთში, ახალციხის სასამართლოში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მისამართით განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის საქმეზე დაკავებულის სასამართლო უნდა დაიწყოს. დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციული წესით, პოლიციამ "ლელოს" აქტივისტი ვახტანგ რობაქიძე დააკავა.
ინციდენტი ბაკურიანის ერთ-ერთ კაფეში მოხდა, თვითმხილველების განცხადებით, დეპუტატს რობაქიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
"შემოსული იყო პიროვნება ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად საკმაოდ ნასვამი. დაიწყო გინება ხმამაღლა. იგინებოდა დეპუტატ ანრი ოხანაშვილის მისამართით. ბატონი ანრი მოვიდა კიდეც ჩემთან და მკითხა, ვინ იყო ეს პიროვნება, გავეცი პასუხი, რომ ადგილობრივი არ იყო და პირველად ვხედავდი. შემდეგ მალევე მოვიდა პოლიცია და განარიდა სიტუაციას ეს პიროვნება," - განაცხადა თვითმხილველმა "კურიერთან" საუბრისას.
შემთხვევა გუშინ, ბაკურიანში ერთ-ერთ რესტორანში მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატი ოჯახთან ერთად სავახშმოდ იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად დაკავებულია ერთი პირი. მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული წესით მიმდინარეობს.