18 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფის გამო დაკავებულს 3 დღიანი პატიმრობა მიესაჯა

ბაკურიანში, პარლამენტის წევრის, ანრი ოხანაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის გამო დაკავებულს სასამართლომ 3 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული "ლელოს" აქტივისტი ვახტანგ რობაქიძეა, რომელმაც სასამართლო პროცესზე, მომხდარი ინციდენტი იმით ახსნა, რომ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ბრალდებული ანრი ოხანაშვილისა და მისი ოჯახის შეურაცხყოფას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მათ შორის მხოლოდ ხმამაღალი შელაპარაკება მოხდა. 

"ვიყავი ნასვამი, თან ბავშვებთან ერთად ვიყავი. ბოდიშს მოვუხდი, თავს ვგრძნობ დამნაშავედ პოლიციის წინაშე და იმ პიროვნების წინაშე, უბრალოდ, ეს გამოიწვია ჩემმა ნასვამობამ. არანაირი ხელით შეხება არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოგვივიდა ერთმანეთში," - განაცხადა პროცესზე ვახტანგ რობაქიძემ.

შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ ბაკურიანის ერთ-ერთ კაფეში მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ოჯახთან ერთად სავახშმოდ იმყოფებოდა. "ქართული ოცნების" წევრის თქმით, მისთვის უცნობი მამაკაცი მასთან მივიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ოხანაშვილის თქმით, მუქარა მისი შვილების მიმართაც იყო.

 

 

დღის ამბები