18 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
მონაწილეობდა თუ არა ექსპრეზიდენტი 20 ივნისის მოვლენების ორგანიზებაში - ოქრუაშვილმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლა

ირაკლი ოქრუაშვილმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლა. 20 ივნისის მოვლენებში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით მან გამომძიებლის არცერთ კითხვას არ უპასუხა.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი გამოძიების კითხვებს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე უპასუხებს. ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა დღეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია და მოთხოვნებიც განმარტა.

ხელახალი გამოძიების დაწყების საფუძველი ყოფილი პრეზიდენტის განცხადება გახდა. 12 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, 20 ივნისის მოვლენები შეაფასა, რამაც ძალოვან უწყებას ეჭვი გაუჩინა, რომ 20 ივნისს, ექსპრეზიდენტი, შესაძლოა, მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა კიდეც ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას. არ არის გამორიცხული, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში აუცილებელი გახდეს სხვა პირების გამოკითხვაც.

მიხეილ სააკაშვილთან ყოფილი თავდაცვის მინისტრის კავშირს არ ადასტურებენ ოქრუაშვილის თანაგუნდელები, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ პოლიტიკური მოტივით საგამოძიებო უწყებაში პარტიის სხვა წევრებიც დაიბარონ.

20-21 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია ხელისუფლებას აკისრებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ამას მმართველი ძალა ოპონენტებზე დევნისთვის იყენებს. "ქართულ ოცნებაში" მიხეილ სააკაშვილის მიერ წარსულში გაკეთებულ არაერთ განცხადებას იხსენებენ და ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტი ხელისუფლებაში დაბრუნების შანს მხოლოდ რევოლუციაში ხედავს.

მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება 13 იანვარს 315-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას, ხელში ჩაგდებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობას გულისხმობს.

დღის ამბები