10 სექტემბერი 2026,   19:53
ვრცლად
უზენაესი, საკონსტიტუციო და სააპელაციო სასამართლოების 5 მოსამართლე დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის დააჯარიმეს

არასწორად შევსებული დეკლარაცია და დაკისრებული სანქციები - უზენაესი, საკონსტიტუციო და სააპელაციო სასამართლოების ხუთი მოსამართლე დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის დააჯარიმეს. ამის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 ანგარიშშია საუბარი.

უწყების ინფორმაციით, მოსამართლეებს, რომლებმაც დეკლარაციაში შეცდომები დაუშვეს და ქონების ნაწილი დამალეს, მინიმუმ 500 ლარის გადახდა მოუწევთ. მოსამართლეების გარდა დეპუტატები და მინისტრებიც დაჯარიმდნენ.

არასამთავრობო სექტორში კანონის მთავარი დამცველების მხრიდან უკანონობის ჩადენას განსაკუთრებით მძაფრად აღიქვამენ, რაც მათი შეფასებით, საზოგადოების უნდობლობას სასამართლო სისტემის მიმართ კიდევ უფრო აძლიერებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორი ეკატერინე ციმაკურიძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი საქართველოში ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობის მიმართულებით მუშაობა დაიწყოს.

"მოსამართლეების მხრიდან კანონის და განსაკუთრებით გამჭვირვალობის დეკლარირების ვალდებულების უპატივცემულობა, სერიოზული დარღვევები თავიანთი ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებისას მიუთითებს მათ არაკეთილსინდისიერებაზე და რა თქმა უნდა თავის მხრივ ეს იწვევს საზოგადოების მხრიდან ნდობის შერყევას როგორც ინდივიდუალური მოსამართლეების მიმართ, ასევე ზოგადად სასამართლო სისტემის მიმართაც.

კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, რაც უკავშირდება დეკლარირებას ეს არის ის, რომ ბიზნეს ინტერესი პრინციპში, რაც დეპუტატებს შეიძლება გააჩნდეთ, როგორც წესი გავლენას ახდენს ხოლმე მათ სადეპუტატო საქმიანობაზე და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაიწყოს მუშაობა ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობის მიმართულებითაც," - აცხადებს ეკატერინე ციმაკურიძე.

დღის ამბები