პირადი ცხოვრების კადრების შენახვისა და გავრცელების საქმეზე, ბრალდებული პირების სასამართლო პროცესის არსბითი განხილვა დღეიდან იწყება. მხარეები საკუთარ არგუმენტებს წარმოადგენენ. საქმესთან დაკავშირებით, ბრალი 19-მდე ადამიანს აქვს წარდგენილი. მათი უფლებადამცველი აცხადებს, რომ საქმე აბსურდულია და მათი დაცვის ქვეშ მყოფებს აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენიათ. ისინი გამოძიებისგან იმ პირების დადგენას ითხოვენ ვინც დაკავებულებს ვიდეოები გადაუგზავნა.
"ის ადამიანები, ვინც ამ საქმეზე არიან ბრალდებულები არცერთი არ არის იმ პირთაგანი, რომელმაც ეს ჩანაწერი შექმნა, გადაიღო და გაავრცელა. მიმაჩნია, რომ ყველაზე ლოგიკური იქნებოდა პროკურატურას ებრძოლა იმ პირველი წყაროს წინააღმდეგ და ბრალი წაეყენებინა მისთვის და არა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეგ გავრცელებული ჩანაწერები შემთხვევით მიუვიდათ. ამ შემთხვევაში, ასეთი ბრალდების პოტენციური მსხვერპლი ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება იყოს. ჩვენ მზად ვართ სამართლებრივი ბრძოლისათვის," - განაცხადა ადვოკატმა დავით გირგვლიანმა.
მეორე ადვოკატის განცხადებით კი, საქმეზე დაკავებული პირები პოლიტიკური ნიშნით ჰყავთ შერჩეული, რადგან მათი უმრავლესობა მმართველი პარტიის შეხედულებებს არ იზიარებს.
"ათასობით ადამიანს აქვს ნანახი მსგავსი კადრები, მაგრამ ამ ხალხის შერჩევა გარკვეული წესით მოხდა, უმრავლესობა სხვადასხვა ფორმით დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტიებთან და განსხვავებული შეხედულებები აქვთ ვიდრე, მმართველ პარტიას, შესაბამისად, არსებობს ბევრი შეკითხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოძიება ალბათ მოიწადინებდა და მოახერხებდა კიდეც იმ პირის დადგენას, ვინც პირველად ატვირთა და გამოუგზავნა ჩემი დაცვის ქვეშ და სხვა პირებს," - აღნიშნა ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა.