22 დეკემბერი 2024,   10:18
ვრცლად
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - შეცვლილი ჩვენებები 16 წლის მოზარდის სავარაუდო თვითმკვლელობის საქმეში 

ვარკეთილში 9 სართულიანი სახლის სახურავიდან გადმოვარდნილი 16 წლის ახალგაზრდის საქმეზე მოწმეებმა ჩვენება შეცვალეს.

4 თვის წინ მომხდარი ტრაგედიის საქმეში ახალი დეტალებია - სისხლის სამართლის საქმე, შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს.

ეჭვი იმის შესახებ, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით წავიდა, ბრალდებულების ოჯახს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც 4 თვიანი ლოდინის შემდეგ, 16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე მთავარი მოწმეები სასამართლო პროცესზე ალაპარაკდნენ. მათ მოსამართლის თანდასწრებით საქმის ახალ და მნიშვნელოვან გარემოებებზე ისაუბრეს.

მოწმეებმა ჩვენებები შეცვალეს და პირდაპირ დაადეს ხელი კონკრეტულ პირებს, რომლებიც მათი თქმით, ტრაგედიის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. მოწმეებს არ დაუკონკრეტებიათ, თავდაპირველად რატომ დაუმალეს ეს ინფორმაცია გამოძიებას. ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთი სამართალდამცველის შვილია.

სწორედ ამიტომ, დაკავებულების ოჯახის წევრები დარწმუნებული არიან, რომ მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე გამოძიება არასწორი გზით ძალოვანი უწყების წარმომადგენლის განზრახვით წავიდა, რომელმაც მოწმეებს ჩვენებები შეაცვლევინა.

დაკავებულების ადვოკატი ეჭვობს, რომ ძალოვანი უწყების თანამშრომლის შვილი და მისი გარემოცვა დანაშაულის სხვაზე გადაბრალებას ცდილობს. ამიტომ, მათი მთავარი მოთხოვნაა, საგამოძიებო ექსპერიმენტი ოქროს მოწმეებზეც ჩატარდეს, რომლებიც გარდაცვლილთან ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე იმყოფებოდნენ.

გარდაცვლილის ოჯახი თითქმის დარწმუნებულია, რომ მე-11 კლასის მოსწავლეს თავი არ მოუკლავს და ის სახურავიდან გადმოაგდეს. თუმცა, მათ სულ სხვა ვერსია აქვთ. გარდაცვლილის და სწორედ ოქროს მოწმეებზე დაყრდნობით ყვება, რომ ვარკეთილში ცხრასართულიანი კორპუსის სახურავზე არასრულწლოვანი მარტო არ იმყოფებოდა და ის ბრალდებულმა პირებმა მოკლეს, რის შემდეგაც, დანაშაულის დაფარვისთვის თვითმხილველებს აშანტაჟებენ და მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ.

გამოკითხული მოწმეების ჩვენებების მიხედვით, საქმეში კიდევ ერთი პირი ფიგურირებდა, რომელიც გარდაცვლილის ცხედართან შენიშნეს. მის დაკავებას და დაკითხვას 16 წლის მოზარდის ოჯახი თავიდანვე ითხოვდა, რადგან ეჭვობდნენ, რომ ის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა. მომხდარიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი, ეს ახალგაზრდა მოულოდნელად გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ტრაგედიის მიზეზების გასარკვევად გამოძიება ორი მიმართულებით მუშაობს. საქმეში არის ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილს სიცოცხლეშივე მიყენებული დაზიანებებიც აღენიშნება. თუმცა, განსხვავებული ჩვენებების ფონზე კონკრეტული პირების დადანაშაულება ჯერ უჭირთ.

გამოძიების თავდაპირველი ვერსიით, ახალგაზრდა ბიჭმა თავი მოიკლა, ამ გადაწყვეტილებამდე კი მას შემდეგ მივიდა, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მას მობილური ტელეფონი წაართვეს. არც წარსულში და არც ახლა, ოჯახი ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა. ამ საქმისთვის დაკავებულ პირთა შორის არის კრიმინალური ავტორიტეტის დედ ჰასანის ოჯახის წევრიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები