21 დეკემბერი 2024,   18:48
ვრცლად
10 დაღუპული, წამლის, ექიმის და საკვების გარეშე დარჩენილი ახალგორის მოსახლეობა - ტყვეობის 136 დღე

10 დაღუპული, წამლის, ექიმის და საკვების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის პირისპირ - ასეთია საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილების და ახალგორის მოსახლეობის 136 დღიანი იძულებითი ტყვეობის შედეგი.

საოკუპაციო რეჟიმი მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი გზის გახსნას ისევ არ აპირებს და თბილისს ულტიმატუმის ენაზე ესაუბრება. იგნორირებულია როგორც ქართული მხარის, ასევე საერთაშორისო საზოგადოების პრინციპული პოზიციაც.

ჩაკეტილ ახალგორში ვითარება ყოველდღიურად მძიმდება, წეროვანის დასახლებაში მცხოვრები დევნილები კი დროსთან ერთად დაგროვებულ პრობლემებს ვეღარ მალავენ. ბოლო 136 დღის განმავლობაში ოკუპირებულ ახალგორში 10 ადამიანი გარდაიცვალა, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან კი ჭირისუფალს სპეციალური სიით უშვებენ. საოკუპაციო რეჟიმისთვის ჭირისუფალი 7-დან 10 ადამიანს არ უნდა აჭარბებდეს. დღეს კი ირკვევა, რომ შესვლის შემდეგ უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევენ.

წეროვანში მცხოვრები დევნილები იხსენებენ, როგორ არ გამოუშვეს გასულ კვირას რაზდახანის ე.წ. საგუშაგოდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის მიერ მიყვანილი მამაკაცი, რომელსაც მკურნალობის გაგრძელება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სურდა. მანია ტატუნაშვილი იხსენებს, რომ ასეთი შემთხვევა ერთი თვის წინაც მოხდა, რა დროსაც ასაკოვანი ქალბატონი მძიმე ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა.

4 სექტემბრიდან ოკუპირებულ ახალგორში, სადაც 1500 ადამიანი ცხოვრობს, ჰუმანიტარული კრიზისი დაიწყო. ადამიანები, უკვე თვეებია, კუთვნილ პენსიას ვერ იღებენ. ტყვეობაში დარჩენილების ოჯახის წევრები და ნათსავები, საქართველოს კონტროლირებული ტერიტორიიდან, ვერ ახერხებენ მათ დახმარებას. დევნილები ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა მედიკამენტები და საკვებია.

ჰუმანიტარულ კატასტროფაზე საუბრობს სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. მისი თქმით, გუშინ ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებლები ე.წ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ ისაუბრეს, ახალგორიდან ადამიანები შველას ითხოვენ.

დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი 4 სექტემბრის შემდეგ რაზდახანის ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვასთან დაკავშირებით აკეთებს განცხადებებს.

საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელი ქართულ მხარეს წნელისი - ჩორჩნას მონაკვეთზე ქართული ბლოკ-საგუშაგოს აღებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ე.წ საზღვრის გახსნას არ გეგმავს. სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ბიბილოვის გადაწყვეტილებას მშვიდობიანი მოსახლების ტყვეობაში ყოფნას უწოდებს.

დღის ამბები