21 დეკემბერი 2024,   18:37
ვრცლად
მსოფლიო ახალი საფრთხის წინაშე - ჩინეთში ამოუცნობი ვირუსის 79 შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს ჩინეთში ახალი ვირუსის 17 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულებს შორის 3 უმძიმეს მდგომარეობაშია. ინფიცირებულები ისევ ჰუბეის პროვინციის დედაქალაქ უხანის მაცხოვრებლები არიან. იმ ქალაქის, სადაც უცნობი დაავადების პირველი შემთხვევები გამოვლინდა. ამერიკის ბრიტანეთის ტაილანდისა და იაპონიის აეროპორტებში ახალი ვირუსის შესაჩერებლად საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ექიმები ჩინეთიდან ჩასულ ყველა მგზავრს ამოწმებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა. ბრიტანელი სპეციალისტები ვირუსის სწრაფად გავრცელებას არ გამორიცხავენ. ჩინეთის ჯანდაცვაში კი მიიჩნევენ, რომ პანდემიის საფრთხე ჯერ არ არსებობს, რადგან ახალ ვირუსს ადამიანები ერთმანეთს ვერ გადადებენ, ამისათვის ვირუსმა სახე უნდა იცვალოს. მეცნიერების მტკიცებით, უცნობი კორონავირუსი ადამიანს ცხოველისგან გადაედო. ჩინეთშიც, სადაც ვირუსი პირველად დააფიქსირეს, დაავადება, სავარაუდოდ, ზღვის პროდუქტების მოხმარებამ გამოიწვია.

უცნობი წარმოშობის ვირუსის შესახებ ინფორმაციას ფლობენ საქართველოში. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ პნევმონიის გამომწვევ ახალ ვირუსს ნაცნობი რესპირაციული დაავადებების მსგავსი სიმპტომები აქვს. ამ ეტაპზე ცენტრში ვირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ელოდებიან, მანამდე კი აეროპორტებში მგზავრების სამედიცინო შემოწმების აუცილებელი არ არის.

ჩინეთის ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 79 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 2 უკვე გარდაიცვალა, 19 კი მძიმე მდგომარეობაშია. ახალმა ვირუსმა ჩინეთის ფარგლები უკვე დატოვა. ორი დაავადებული აღმოაჩინეს ტაილანდში, ერთი კი იაპონიაში. ლონდონის იმპერიული კოლეჯის ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ უცნობი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი გაცილებით მაღალია და თითქმის 2 ათასს აღწევს. ახლა სპეციალისტები ცდილობენ არ განმეორდეს ის, რაც ჩინეთში 2002 წელს მსგავსი შტამის გავრცელებას მოჰყვა, მაშინ დაავადებამ მსოფლიოში 800 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დღის ამბები