21 დეკემბერი 2024,   18:43
ვრცლად
17 საათი ნანგრევებში ყოფნის შემდეგ, მაშველებმა ქალი გადაარჩინეს - დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთში

ნანგრევებში მოყოლიდან 17 საათის შემდეგ თურქმა მაშველებმა ქალი გადაარჩინეს. ქალი, სახელად აზიზი ნანგრევებიდან ნათესავებს მობილურის დახმარებით დაუკავშირდა და საკუთარი ადგილსამყოფელის შესახებ აცნობა.

სტიქიური უბედურების ზონაში უკვე 24 საათია სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ ათეულობით ადამიანს. საგანაგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებს სტიქიის ზონაში არ დაბრუნდნენ, რადგან შესაძლოა მიწისქვეშა ბიძგები განმეორდეს.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეტინ კოჩას ინფორმაციით, 128 დაშავებულიდან, რომლებიც საავადმყოფოში იმყოფებიან, 34 ინტენსიურ განყოფილებაში რჩება:

"საავადმყოფოებში მკურნალობას ამ დრომდე 128 დაშავებული გადის. 34 მათგანი ინტენსიურ განყოფილებაში რჩება. მედიკოსები მათ მკურნალობას აგრძელებენ,"- განაცხადა კოჩამ.

ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავების მოწოდებით გამოდის თურქეთის შს მინისტრი სულეიმან სოილუ:

"მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 39 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. მოვუწოდებ მედიას მიწისძვრასთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ,"- აღნიშნა სოილუმ.

6.8 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში ქალაქ სივრიჯის მახლობლად ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას ოცზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და 1000-ზე მეტი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სტიქიის ეპიცენტრის ახლოს მდებარე ქალაქების სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ელაზიღის პროვინცია იყო, რომელიც საქართველოს საზღვრიდან 600 - თურქეთის დედაქალაქ ანკარადან კი 550 კილომეტრში მდებარეობს. დამანგრეველი ბიძგების შემდეგ სტიქიის ეპიცენტრში 200-ზე მეტი განმეორებით ბიძგები დაფიქსირდა, რამაც პირველი მიწისძვრის შემდეგ დაზიანებული შენობების ნგრევა გამოიწვია. განსაკუთრებული დაზარალდა თურქეთის ორი რეგიონი, ელაზიღი და მალათაი. სტიქიის გამო მოსახლეობას ღამის გათევა ღია ცის ქვეშ მოუწია.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყველა ოფიციალური შეხვედრა გადადო და სტიქიის ზონაში ჩავიდა. ერდოღანი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო და სტიქიისგან დაზარალებულებს დახმარებას დაპირდა.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენს დასახმარებლად. ხელისუფლება უყურადღებოდ არავის დატოვებს. აღვადგენთ ინფრასტრუქტურას. ჩვენ არაერთხელ აღმოვჩენილვართ დამანგრეველი მიწისძვრის პირისპირ, თუმცა ჩვენმა ერმა განსაცდელების გადალახვა ყველა ჯერზე მოთმინებით შეძლო. უფალმა დაუმკვიდროს გარდაცვლილებს სასუფეველი" - განაცხადა ერდოღანმა.

სტიქიის შედეგების გამკლავებაში თურქეთს დახმარება შესთავაზა საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა. თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადეს ევროკავშირის დელეგაციამ თურქეთში, უკრაინამ, კანადამ, ლიეტუვამ, ირანმა, მალაიზიამ და პაკისტანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. დიპლომატიურმა უწყებამ მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. თურქ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა საქართველოს პრემიერმაც.

"თანავუგრძნობ და სოლიდარობას ვუცხადებ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს. ამ მძიმე დროს საქართველო თურქეთის გვერდში დგას,"- ნათქვამია გიორგი გახარიას მიმართვაში.

სეისმოლოგიური ცენტრის განცხადებით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა კვიპროსზე, ლიბანსა და ირანში. სტიქიის ზონაში ამ დრომდე მაშველები, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები მუშაობენ.

დღის ამბები