21 დეკემბერი 2024,   18:46
ვრცლად
თვალთმაქცობა ეკლესიის სახელით - მრევლისგან მიღებულ მოწყალებას ყინწვისელი მორჩილი პირადი მიზნებისთვის იყენებდა

ყინწვისის მონასტერში ახალი სასულიერო პირები გამოჩნდნენ, თუმცა რეალური მიზეზი, რის გამოც ეპარქიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურები შეცვალეს, მრევლის მხოლოდ მცირე ნაწილმა იცის. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი, დიდ გაუგებრობას და ერთი კონკრეტული სასულიერო პირის თვითნებობას შეეწირა.

"კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ მონასტრის მორჩილი ხარიტონ გოგიშვილი ეკლესიის სახელით მრევლსა და მოქალაქეებს მოწყალების გაღებას სთხოვდა. მოტყუებით მიღებულ თანხას კი, პირადი მიზნებისთვის იყენებდა და მონასტრამდე არაფერი მიჰქონდა.

ეპარქიაში დიდი ცვლილებების მიზეზი სავარაუდოდ ერთი მორჩილის დამოუკიდებელი ქმედებები გახდა. ხარიტონ გოგიშვილთან ერთად მოღვაწე სასულიერო პირების ნაწილი სხვადასხვა ტაძრებში გადაანაწილეს. ზოგი იქვე მახლობლად მდებარე მონასტრებში გააგზავნეს, ზოგსაც კი ეპარქიის საზღვრები დაატოვებინეს.

სასულიერო პირის თვალთმაქცობაზე ადგილობრივ მრევლს ეჭვები დიდი ხანია ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ეპარქიის ხელმძღვანელობამდე მივიდა, ისინი საკითხით დაინტერესდნენ და დადასტურდა, რომ ხარიტონ გოგიშვილს საზოგადოება შეცდომაში მიზანმიმართულად შეჰყავდა. რის გამოც ის განტევებული იქნა ეკლესიიდან. მიზეზები კი მხოლოდ წერილობით განმარტეს.

"რუის-ურბისის ეპარქიის ყოფილი მორჩილი, ხარიტონ გოგიშვილი განმოსილია და განტევებულია ეპარქიიდან. ჩვენთვის ცნობილია, რომ იგი ეპარქიის და ყინწვისის მონასტრის წევრობის სახელით სარგებლობს და მოწყალების სახით დახმარებას ითხოვს.

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მისი ქმედება ლოცვა-კურთხევას არ ექვემდებარება, იგი თვითნებურად მოქმედებს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს," - ნათქვამია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იმაზე, რაც ოფიციალურად დადასტურებულია, ეკლესია-მონასტრების მსახურებს საჯაროდ საუბარი ისევ არ სურთ. გაუგებრობამ და ინციდენტებმა კი ადგილობრივებს ეკლესიის მიმართ ნდობა თითქმის დაუკარგა.

ეს არ არის თვითნებური საეკლესიო საქმიანობის პირველი შემთხვევა. კიდევ უფრო ადრე იყო ბერი აბელის ინციდენტი. როცა ის დაოჯახდა და ამის გამო საეკლესიო ცხოვრებაზე უარი თქვა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ, სასულიერო საქმიანობა დასავლეთ საქართველოში მანაც თვითნებურად და ეპარქიასთან შეუთანხმებლად გააგრძელა.

ეპარქიაში დაწყებულ დიდ გაუგებრობაზე ადგილობრივი თემის საეკლესიო ხელმძღვანელის გადაწყვეტილება მისაღებია საპატრიარქოსთვის. დამატებითი განმარტებები არც ეპარქიის ხელმძღვანელმა გააკეთა. მიმდინარე პროცესები საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც მაღალი სასულიერო პირებისთვის ეკლესიიდან გაშვებული ბერისა და მორჩილის ცალკეული, პირადი საეკლესიო საქმიანობის შესახებ გახდა ცნობილი.

დღის ამბები