21 დეკემბერი 2024,   18:43
ვრცლად
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2 კომიტეტში რუსული დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებაზე იმსჯელებენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2 კომიტეტში რუსული დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებაზე იმსჯელებენ. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პლენარულ სხდომაზე რუსული დელეგაციის წინააღმდეგ საქარველოს, უკრაინის, ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის დელეგაციები გამოვიდნენ. ღია პროტესტის შემდეგ პროცედურის მიხედვით თემის განხილვა კომიტეტებში გაგრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ შანსი, რუსეთის დელეგაციის ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საკმაოდ მცირეა, ქართული დელეგაციის, უკრაინისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების დელეგაციების წარმომადგენლების განცხადებით, პოლიტიკურად ძალზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მათ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გარკვეული დისკომფორტი ექმნებათ.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ 5 სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციამ დავაყენეთ საკითხი რუსეთისათვის უფლებამოსილების არცნობასთან დაკავშირებით. ახლა ჯერი უკვე კომიტეტზეა, განხილული იქნება და რამდენად იქნება გათვალისწინებული ის არგუმენტები, რომლებიც ჩვენ დავაყენეთ, ამას უკვე დრო გვიჩვენებს, როდესაც კომიტეტი მსჯელობას დაასრულებს," – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარის დავით ბაქრაძის თქმით, პროტესტის მთავარი ამოცანაა რუსეთმა დაინახოს, რომ მანამ, სანამ არ შეწყვეტს საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციას, მას აღნიშნულ ორგანიზაციაში პრობლემები შეექმნება. 

"მიუხედავად იმისა, რა მოხდება კომიტეტში, ჩვენი ამოცანა იყო და იქნება ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რუსეთის დელეგაციას დავანახოთ, ამ ორგანიზაციაში მათ ექნებათ პრობლემები მანამ, სანამ არ შეწყვეტენ საქართველოს ოკუპაციას, სანამ არ შეწყვეტენ უკრაინის ოკუპაციას და სანამ არ მოიქცევიან ისე, როგორც ნორმალური ქვეყანა," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ლიეტუვას დელეგაციის წევრის იუს ვარეიკისის თქმით, ანგარიშის მოსამზადებლად კონკრეტული ადამიანი უნდა დაინიშნოს.

"ვნახოთ, რა იქნება. უნდა დაინიშნოს ადამიანი, ვინც ანგარიშს მოამზადებს. ამ წუთას არ ვიცი ზუსტად როგორ მოვიქცევით. ანგარიში ცალკეული დელეგაციების მიერ მომზადდება თუ იქნება ერთობლივი დოკუმენტი. წამოჭრილ საკითხებს შორის იყო რუსეთი. ამ პოზიციას იზიარებს საქართველოს დელეგაცია," - აღნიშნა იუს ვარეიკისმა.

დღის ამბები