21 დეკემბერი 2024,   18:39
ვრცლად
დაირღვევა თუ არა ოკუპაციის კანონი - სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ ვნებათაღელვა გამოიწვია

დაირღვევა თუ არა ოკუპაციის კანონი და ჩამოვა თუ არა რუსეთის დელეგაცია საქართველოში - ამ საკითხებზე გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არის, თუმცა, ვნებათაღელვა უკვე დაიწყო.

რუსეთის დელეგაციის ვიზიტის თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გაირკვა, რომ საქართველომ, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ასამბლეის მინისტერიალს უნდა უმასპინძლოს.

საკითხი კი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებამ გაამწვავა. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგან კარდინალურად გასხვავებული განცხადება გააკეთა.

"საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც უკრძალავს საქარველოს ტერიტორიაზე შემოსვლას იმ პირებს, რომლებიც მათი ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ქართულ საზოგადოებას კი, ულტიმატუმის ენით ამჯერად სტრასბურგიდან, რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერი მიმართავს. ვიდრე ხელისუფლება იმაზე მსჯელობს, როგორ უნდა იმოქმედოს, რომ საქართველოს კანონთან ერთად ევროპის საბჭოს წესებიც დაიცვას, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი უკვე საკუთარ პირობებს აყენებს. ის ამბობს, რომ ქართველებმა გავრილოვის ინციდენტის გამო, მოსკოვს პატიება უნდა სთხოვონ.

სინდისზე ქართველებს დუმის ის დეპუტატები მიუთითებენ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ოკუპაციას.

პარალელურად, კეთილმეზობლობასა და დიალოგის აუცილებლობაზე საუბარიც არ ავიწყდებათ, ოღონდ ისეთ საქართველოსთან, რომლის საზღვრები და რუკა მათ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე წარმოუდგენიათ.

ქართული კანონმდებლობის უხეში დარღვევით სოხუმსა და ცხინვალში ვიზიტების შემდეგ, რუს დეპუტატებს თბილისში ჩამოსვლის სურვილი აქვთ, თუმცა შიშსაც არ მალავენ, რომ შესაძლოა, გავრილოვის მოვლენები განმეორდეს. დეპუტატ კალაშნიკოვს ამ საფრთხის აღქმას, მისი გვარიც უმძაფრებს.

კალაშნიკოვისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, გვარს პრობლემა არ შეუქმნია ლეონიდ სლუცკისთვის, რომელიც საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დაახლოებით 3 წლის წინ იმყოფებოდა. მანამდე კი, ოკუპირებულ აფხაზეთს საქართველოს კანონდარღვევით სტუმრობდა. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ ღიად გამოხატული უპატივცემლობის მიუხედავად, რუს დეპუტატს თბილისში კიდევ ერთხელ ჩამოსვლის იმედი მიეცა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროპის საბჭოს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტის აქცენტები მოისმინა.

სლუცკი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი, სტრასბურგში, სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა უკვე გადადგა, როცა თქვა, რომ მაისში, საქართველო, კანონდამრღვევ რუს პოლიტიკოსებს, საქართველოს კანონის გვერდის ავლით უმასპინძლებს.

"ეს სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნისთვის ერთ-ერთი საბაბი უნდა გახდეს" - მიიჩნევს ოპოზიცია.

ლიდერების განცხადებით, ოკუპაციის პირობებში თბილისში, რუსული დელეგაციის და მათ შორის სერგეი ლავროვის ჩამოსვლა საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმებას ნიშნავს.

უმასპინძლებს თუ არა, "ქართული ოცნება" იმ რუს პოლიტიკოსებს, რომლებიც ოკუპაციის მხარდამჭერები და ოკუპირებული რეგიონების ხშირი სტუმრები არიან? - პრეზიდენტის განცხადებას, რომ რუსული დელეგაცია თბილისში, შესაძლოა, საქართველოს კანონის გვერდის ავლით ჩამოვიდეს, გარკვეული წრეების მხრიდან ინტერპრეტაცია უწოდა არჩილ თალაკვაძემ.

პრემიერმა კი განმარტა, რომ არც კანონი დაირღვევა და საჭიროების შემთხვევაში, ევროპელ კოლეგებთან კონსულტაციებიც გაიმართება.

მსგავსი საკითხის ევროპელ პარტნიორებთან ერთად გადაწყვეტაზე აქცენტს სტრასბურგიდან, ირაკლი კობახიძეც აკეთებს.

ევროპის საბჭოს რუსული დელეგაციის შემადგენლობას, ვლადიმირ პუტინი, სერგეი ლავროვი და დუმის სპიკერი გადაწყვეტენ. უკვე ცნობილია, რომ შემადგენლობაში აუცილებლად იქნებიან ის პირები, ვისაც საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიები შესახებ დარღვეული აქვს და სოხუმსა და ცხინვალში, საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე, რუსეთის მხრიდან იმყოფებოდნენ.

დღის ამბები