21 დეკემბერი 2024,   15:34
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი - პროკურატურა 3 ათას ლარიან გირაოს ითხოვს

საქალაქო სასამართლოში საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი იმართება, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ედება ბრალი.

ხაბეიშვილმა სასამართლოს დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაც ისეთივე დაკვეთის შესრულება იქნება, როგორც მასზე თავდასხმა იყო.

"საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა ის კაცი, კაცი რომ ჰქვია და ზარქუა რომაა გვარად, 4 დღე რომ იბრიქებოდა, ხაბეიშვილს რომ წავადეთო თავშიო, წავუთაქეთო და დღეს რომ ტელევიზია-ტელევიზია წკმუტუნ-წკმუტუნით დადის, რომ გვერდები მტკიოდაო, გრიმით დავიფარეო სახეო, ხაბეიშვილმა ისე დამჟეჟაო. ამის შემდეგ, ამ ყველაფრის შემოქმედი ხალხი ხელისუფლებაში რომაა, ესაა ყველაზე დიდი პრობლემა, თორემ ახლა ამას სასამართლო რომ ჰქვია და ბიძინა ივანიშვილის მოურავები რა გადაწყვეტილებას გამოიტანენ, ესეც ხომ წინასწარ არის ცნობილი, თქვენ ხომ კარგად იცით, რომ მათ შორის 3 ათას ლარიანი იქნება, 8 ათას ლარიანი იქნება, რა გირაოც არ უნდა შემიფარდონ, ეს იქნება დაკვეთილი ისევე, როგორც იყო შეკვეთილი ეს თავდასხმა," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

საქმის პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე 3000 ლარის ოდენობის გირაოს მოითხოვს.

"ბრალდების მხარე მიმართავს დღეს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებაზე, 3000 ლარის ოდენობით," - განაცხადა პროკურორმა.

საქალაქო სასამართლოში უკვე დასრულდა საკრებულოს უმრავლესობის ბრალდებული დეპუტატების სასამართლო პროცესი. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას, 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება" დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც სასამართლომ მისი 2 თანაპარტიელის მსგავსად 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.

"არ ვაკეთებ არაფერ კომენტარს, არ ვეთანხმები რა თქმა უნდა," - აცხადებს თარაშ შურღაია.

"სასამართლო ყოველთვის იღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, დამშვიდდით, მიმდინარეობს გამოძიება," - განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან" ალექსანდრე ხუჯაძემ.

"არ ყოფილა ჩვენი მხრიდან აგრესიული ტონი, პირიქით მე მას მივუთითე თავისი უზრდელობიდან გამომდინარე და იმ საქციელიდან გამომდინარე, რომ ანალოგიური საქციელი არ შეიძლება, ეს არ არის არც კოლეგიალური და ყველა ადამიანს გვაქვს იმისი ვალდებულება, რომ ადამიანურ ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ და მოვიქცეთ ადამიანურად. ადამიანი გადავარდა სკამებში და იქ რა ვიცი დაზიანება როგორ მიიღო, გამოიძიებაც იმიტომაა, გამოძიება დაადგენს. ჩემი ხელი არ მოხვედრია," - აღნიშნავს საკრებულოს წევრი ავთანდილ ცინცაძე.

დღის ამბები