დღის ბოლოს დატოვა გენერალური პროკურატურის შენობა ანა ნაცვლიშვილმა. "ლელო საქართველოსთვის" წევრი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
საუბარია მოსამართლე გიორგი არევაძის, ვანო ზარდიაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით. ანა ნაცვლიშვილმა პროკურატურისგან ამ საქმის გამოძიება მოითხოვა. პარტიაში ამბობენ, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით, სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოსამართლე არევაძე ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით თვითაცილებას გააკეთებდა.
პროკურატურიდან გამოსული ნაცვლიშვილი საქმის ობიექტურად გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.
"საქმის განმხილველი მოსამართლე ხვდება პრემიერ-მინისტრს და შეხვედრას ასევე ესწრება ზარდიაშვილი, რომლებიც თანხმდებიან, როგორ უნდა მოიქცეს მოსამართლე არევაძე ნიკა გვარამიას გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მას ჰქონდა დაწერილი და აიცილა.
ბევრი ფაქტორია ამ საქმეში, რომელიც მიუთითებს, რომ საქმე არის პოლიტიკური ინტერესით მოტივირებული იმიტომ, რომ სამართლებრივი საფუძველი არც სახალხო დამცველის შეფასებით და არც სხვა დამოუკიდებელი იურისტების შეფასებით ამ საქმეში არ არის,"- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.