გუდაურში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. 26 წლის ახალგაზრდა მუცლის არესა და ხელშია დაჭრილი.
დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიციამ გუშინვე დააკავა. 39 წლის მამაკაცს განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ინფორმაციით, მან 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიზანმიმართულად გაისროლა რის შედეგადაც 22 წლის თაზო გორთამაშვილი მოკლა ხოლო მეორე პირი მძიმედ დაჭრა. მკვლელი, მოკლული და დაჭრილი ერთმანეთს იცნობდნენ.
ინციდენტის დროს დაშავებულის ოჯახის წევრები მომხდარის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ.
"არ სვამს, არ იცის ჩხუბი. ზოგი იძახის, რომ იჯდაო და გასროლილი მაგას მოხვდაო, ზოგი გაშველებას ცდილობდაო. არ ვიცი არაფერი," - აცხადებს პაციენტის დედა.
ექიმის თქმით, დაჭრილი პაციენტის მდგომარეობა გადატანილი ოპერაციების სიმძიმეს შეესაბამება. პაციენტი ამ დროისთვის მართვითი სუნთქვიდან მოხსნილია და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.
"პაციენტის ზოგადი მდგომარეობა გახლდათ კრიტიკულად მძიმე. მას ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაციები, იმუშავა ქირურგების და ტრავმატოლოგების ბრიგადამ, რის შემდგომაც პაციენტის მკურნალობა გაგრძელდა რეანიმაციაში. პაციენტის მდგომარეობა ამ წუთისთვის არის მძიმე, თუმცა მოხსნილია მართვითი სუნთქვიდან. მისი მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციების სიმძიმეს, აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში," - აცხადებს ექიმი დავით ლოლაძე.