ცხინვალში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი შემაშფოთებელია - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
როგორც ჰარცელი მიიჩნევს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი კრიზისი უნდა გახდეს მიზეზი, რომ ე.წ. გამშვები პუნქტები გაიხსნას და ადგილობრივ მოსახლეობას სრულყოფილ მომსახურებებზე ჰქონდეს წვდომა.
"ჩემთვის ძალიან რთულია შექმნილი ვითარება სათანადოდ შევაფასო და ვისაუბრო იქ არსებულ მდგომარეობაზე. ამ პრობლემაზე აქამდეც არაერთხელ გამომითქვამს შეშფოთება. მათ შორის, გამშვები პუნქტების დახურვაზე. ჰუმანიტარული მდგომარეობა ის საკითხია, რომელიც მხედველობაში უნდა ვიქონიოთ. შექმნილი ვითარება უნდა გახდეს მიზეზი იმისთვის, რომ გამშვები პუნქტები გაიხსნას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ადამიანები ნაკლებად იტანჯებიან და პრობლემებიც ნაკლებია," - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა.
ოკუპირებულ ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სააგენტო "რესის" ცნობით, ცხინვალში უკვე ერთი კვირაა რუსეთიდან ტვირთებს არ უშვებენ, რის გამოც სასურსათო მაღაზიები დაცლილია.
როგორც სააგენტო წერს, შემცირებულია ბავშვის საკვები და რძის პროდუქტები. მათივე ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის ე. წ. ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ დარჩენილ პროდუქტებზე ახლო მომავალში ფასებიც გაიზარდოს. რეგიონში შექმნილ ვითარებას და აფთიაქებისთვის ქართულ წარწერიანი მედიკამენტების ჩამორთმევის ფაქტების შესახებ ქართული მხარე დიდი ხანია საუბრობს.