26 აპრილი 2024,   19:20
ვრცლად
ხელისუფლებასთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები ოპოზიციის ერთიანობას არ არღვევს - შალვა შავგულიძე

"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ  მის პარტიას ხელისუფლებისგან ინდივიდუალური მოლაპარაკებების შეთავაზება არ მიუღია. შავგულიძის თქმით, ის მოლაპარაკებები, რაც მოხდა, ოპოზიციის მთლიანობას ვერ არღვევს.  

"გზავნილი "თავისუფალ დემოკრატებს" ინდივიდუალური მოლაპარაკებების თაობაზე ხელისუფლებისგან არ მიგვიღია და ასეთი რომც მოხდეს, ჩვენი პოზიციაა, რომ ამ მაგიდის ინფორმირების გარეშე არ მოვახდენთ მოლაპარაკებებს. თუმცა, ის მოლაპარაკებები, რაც მოხდა, ნამდვილად არ არღვევს ამ მაგიდის ერთიანობას იმ საკითხებში, რაზეც აქ მიმდინარეობს მსჯელობა. უბრალოდ, იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, დაახლოებით სახელისუფლებო პოზიციები იქნა მოსმენილი და შემდეგ ეს პოზიციები მოტანილი იქნა ისევ ამ მაგიდასთან. ასე რომ, რაიმე შეთანხმება არ შემდგარა, ეს იყო, უბრალოდ, მოსმენა ხელისუფლების პოზიციის,"- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის თქმით, თუკი ხელისუფლებას კონსესუსი სურს, ოპოზიციის მიერ წარდგენილ წინადადებებზე უნდა დაფიქრდეს. 

"რამდენიმე ვარიანტი წარვადგინეთ გახსოვთ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, დიპლომატებთან წარდგენილი გვქონდა სამი ვარიანტი, რომელიც კრიზისს გამორიცხავს, მაგრამ არის მაქსიმალურად მიახლოებული პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება და ხელისუფლებას თუ აქვს გონიერება შერჩენილი და უნდა, რეალურად, კომპრომისი და უნდა არჩევნები ნორმალურ გარემოში ჩატარდეს, ამ წინადადებებზე თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგის ფორმატში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა, მათი გადაწყვეტილებით, დიპლომატებს შეხვდებიან და მათი მეშვეობით გაიგებენ, რას აპირებს ხელისუფლება.

დღის ამბები