26 აპრილი 2024,   19:30
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 4-ჯერ მეტია მსხვერპლთა იმ სტატისტიკაზე, რომელიც ე.წ. ქათმის გრიპს მოჰყვა

8 გარდაცვლილი და 43 ინფიცირებული - ირანში მკვლელი ვირუსის შედეგებს ებრძვიან. ეს კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც ჩინეთის საზღვრებს გარეთ დაფიქსირდა. ქვეყნის მთვარობა ინფიცირების საგანგაშო სტატისტიკის გამო ზომებს ამკაცრებს. დაიხურა სასწავლო და საჯარო დაწესებულებები. დაავადების პრევენციის მიზნით ირანთან საზღვარი ჩაკეტა ერაყმა, თურქეთმა, პაკისტანმა. ლიბანმა და ავღანეთმა; იორდანიამ და ქუვეითმა კი საზღვარზე მკაცრი შეზღუდვები დააწესეს.

"დაინფიცირებულთა სტატისტიკა იზრდება, ინფიცირებულთა უმეტესობა ქალაქ ყუმსა და კიდევ 2 ქალაქში გამოვლინდა. სამწუხაროდ გვყავს მსხვერპლიც. მიუხედავად ამისა, მოსახლეობას მოვუწოდებ არ აყვეთ პანიკას. ქვეყანაში წამყვანი სპეციალისტები გყავს და ირანი შეძლებს დაავადებასთან გამკლავებას," - განაცხადა ირანის ჯანდაცვის მინისტრმა საედ ნამაკიმ.

მძიმე მდგომარეობაა ჩრდილოეთ იტალიაშიც. კორონავირუსის ეპიდემიის გამო ქვეყნის 10 ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. დაინფიცირებულთა რიცხვმა 132-ს მიაღწია. ვირუსმა ქვეყნაში უკვე 2 ადამიანი იმსხვერპლა. დაიხურა სასწავლო და საჯარო დაწესებულებები. გადაიდო ყველა სპორტული და კულტურული ღონისძიება. მთავრობა მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების შესრულებას პოლიცია და სამხედროები აკონტროლებენ.

"ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. ვირუსის ეპიცენტრი ლოდის პროვინცია, კოდონო, მალეო, ბერტონიკო, კასტელჯერუნდო და კასტილიონე დადდაა. ვიკვლევთ თუ ვისთან ჰქონდათ ინფიცირებულებს ბოლო პერიოდში კონტაქტი. შექმნილი ვითარების გამო მთავრობა შესაბამის ზომებს იღებს," - აღნიშნა ლომბარდიის საბჭოს წევრმა ჯულიო გალერამ.

ინფიცირების გაორმაგებული სტატისტიკის გამო სამხრეთ კორეამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა უკვე 5 ადამიანი იმსხვერპლა. ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა კი 600 გადააჭარბა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სეულში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები დროებით დაიხურა.

"შექმნილი ვითარების გამო მთავრობა ზომებს ამკაცრებს. გაზრდილი ინფიცირების შემთხვევებით, ამ დროისთვის დაეგუსა და ჩენდოს რეგიონებში განსაკუთრებით რთული ვითარებაა," - აღნიშნა სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრმა ჩანგ სი კიუნიმ.

მკვლელმა ვირუსმა კიდევ ერთი ექიმი იმსხვერპლა უხანში. 29 წლის მედიკოსი პაციენტებისგან დაინფიცირდა. ის საავადმყოფოში ვირუსს თითქმის ერთ თვე ებრძოდა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ეპიდაფეთქებიდან დღემდე, ვირუსმა 10-მდე მედიკოსი იმსხვერპლა, სამედიცინო სფეროში მომუშავე 3000-ზე მეტი პირი კი ინფიცირებულია.

მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა იაპონიის პორტში გაჩერებულ საკრუიზო ლაინერზეც. გემზე, სადაც რამდენიმე კვირაა კარანტინია გამოცხადებული, დღეს მკვლელი ვირუსით მესამე მგზავრი დაიღუპა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაავადებამ უკვე 2466 ადამიანი იმსხვერპლა. ვირუსს 79 ათასამდე პაციენტი ებრძვის.

დღის ამბები