ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დედის მიერ ჩვილზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, ძალადობაში მხილებული დედა სამართალდამცველება უკვე გამოკითხეს.
შემზრავი ფაქტის მიუხედავად, სამი თვის ჩვილი ამ დროისთვის ისევ დედასთან იმყოფება. ახალგაზრდა ქალი "კურიერთან" ყვება, რომ სტრესულ მდგომარეობაში იყო და მომხდარის დეტალები არ ახსოვს.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში განმარტავენ, რომ დედა ბავშვის მდგომარეობას გულგრილად ეკიდებოდა, თუმცა ძალადობის შესახებ სოციალურ ქსელში კადრების გავრცელების შემდეგ გაიგეს.
ჩვილზე განხორციელებული ძალადობის ფაქტით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს იმერეთის სამხარეო ცენტრიც დაინტერსდა და ოჯახის მდგომარეობა ადგილზე შეისწავლა. უწყებაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე დედისგან ბავშვის განრიდების აუცილებლობა არ არსებობს. ბავშვზე ბებიები ზრუნავენ და სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება ესაჭიროება.
ქუთაისში ჩვილზე განხორციელებულ ძალადობას საგანგაშოს უწოდებენ ფსიქოლოგები და ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ბავშვის ფუნდამენტური, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება დაირღვა.
ფსიქოლოგოგიურ სახლ "კამარას" ფსიქოლოგი განმარტავს, რომ მსგავსი შემთხვევების დროს გასათვალისწინებელია დედის ფსიქიკური მდგომარეობა და ბავშვზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.