10 სექტემბერი 2026,   19:07
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვიზიტორებს სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების ვიზიტორებს თხოვნით მიმართავს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან თავი შეიკავონ - ამის შესახებ საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქალაქეებს როგორც საკუთარი, ასევე გარშემომყოფთა ჯანმრთელობის დაცვისკენ მოუწოდებს.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების ვიზიტორებს, მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან თავი შეიკავონ - დაიცვან როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფთა ჯანმრთელობა.

სასამართლო სისტემა კორონავირუსთან დაკავშირებით შესაბამისი უწყების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს სრულად ითვალისწინებს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სასამართლოებში სადეზინფექციო სამუშაო ჩატარდა და ეს პროცესი გრძელდება.

ხელმისაწვდომია ხელის დასამუშავებელი ე.წ. დეზინფექტორები.

მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებული თანამშრომლები იმყოფებიან თვითიზოლაციაში," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები