18 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
დახურული აგრარული ბაზრები, ჯარიმები და სანქციები - საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის კონტროლი გამკაცრდა

საკარანტინო ზონად გამოცხადების მე-13 დღეს, მარნეულში კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსში" კარანტინი მოიხსნა. სამედიცინო ცენტრი მზად არის პაციენტების მისაღებად, შესაბამისად, მარნეულის ადმინისტრაციულ საზღვართან საველე ჰოსპიტალი დაშალეს, მიმდებარე ტერიტორიაზე კი, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. საველე ჰოსპიტალი 23 მარტს გაიხსნა და დღემდე იქ 200-მდე ადამიანი შემოწმდა.

გაძლიერებული კონტროლია შენარჩუნებული მარნეულის ბლოკ-პოსტზე, სადაც გადაადგილება მხოლოდ მკაცრი შემოწმების შემდეგ არის შესაძლებელი.

კონტროლი მკაცრდება დასავლეთ საქართველოშიც. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მე-14 და კომენდანტის საათის დაწესებიდან მე-4 დღეს თავდაცვის სამინისტრომ საკონტროლო-გამშვები პუნქტების რაოდენობა გაზარდა. ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები დასავლეთ სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადავიდნენ. დღეიდან საყოველთაო კარანტინის პირობებს, დასავლეთ საქართველოში თავდაცვის ძალები, შსს-თან ერთად 24 საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გააკონტროლებენ.

"კოვიდ 19"-ის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ფოთსა და ზუგდიდში განთავსებულ ბლოკ-პოსტებზე, ყველა მოძრავი სატრანსპორტო საშუალება, 24 საათიან რეჟიმში მკაცრად კონტროლდება. სამეგრელოს რეგიონში მოქმედი საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან სენაკის აგრარული ბაზარი დაიხურება.

ორი დღით დაიკეტება ახალციხის აგრარული ბაზარიც. "კოვიდ 19"-ის გავრცელების საფრთხის გამო, 4 და 5 აპრილს სავაჭრო ცენტრს დეზინფექცია ჩაუტარდება. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამკაცრებული წესების დარღვევისთვის კი, რეგიონში 40 პირი დაჯარიმდა.

მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების შეუსრულებლობის გამო, შესაძლოა ოზურგეთის აგრარული ბაზარი დაიკეტოს. ხალხმრავლობის გამო ადგილზე დილიდან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. დღეს, დისტანციის წესის დასაცავად ოზურგეთის ბაზარში პოლიციას ყვითელი ლენტის გაბმა დაჭირდა.

გაძლიერებულია კონტროლი აჭარის გამშვებ პუნქტებზეც. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ რეგიონში რამდენიმე სამართალდარღვევა დაფიქსირდა.

მოსახლეობის თერმოსკრინინგთან ერთად, ავტომობილების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება მიმდინარეობს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, სპეციალურად მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე პირთა გადაადგილების კონტროლი 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ქვეყანაში არსებული ვითარება დღეს პრემიერ-მინისტრის რეგიონულმა მრჩეველმა შეაფასა. სოზარ სუბარმა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამკაცრებული წესების დაცვისკენ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 491 ფაქტი გამოავლინა. შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით, 2 აპრილს კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, ქვეყნის მასშტაბით, 189 მოქალაქე, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და სოციალური დისტანციის პრინციპის იგნორირების გამო 19 მოქალაქე დაჯარიმდა. ერთ იურიდიული პირს კი, ჯარიმასთან ერთად ეკონომიკურ საქმიანობა შეეზღუდა.

დღის ამბები