ბათუმში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ექვსივე შემთხვევა ე.წ ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. მათ შორის ერთი 10 წლამდე მოზარდია. COVID-19 დაუდასტურდა მოზარდის დედასაც.
დაინფიცირებული დედა-შვილი ოჯახის სურვილის თანახმად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. მცირეწლოვანს მსუბუქი რესპირაციული ჩივილები აღენიშნება და მისი მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენ 4 პაციენტს ბათუმში კლინიკა "მედალფა"-ში მოათავსებენ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დღეს კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ის უკვე გაეწერა კლინიკიდან. აჭარაში ეს უკვე მეექვსე გამოჯანმრთელებული პირია.
ამდენად კლინიკა "მედალფაში" 22 ინფიცირებული რჩება. ერთის მდგომარეობა ისევ მძიმეა,70 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზე რჩება. დანარჩენი 21 პაციენტის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმით ფასდება.