18 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
ოქრუაშვილის საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას - აშშ-ს საელჩო საქართველოში

აშშ-ს საელჩო საქართველოში "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ეხმაურება.

საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ოქრუაშვილის დაპატიმრების დრო და გარემოება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს.

"ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას - საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება," - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 5 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა  ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნო.

რაც შეეხება შეთანხმებას, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება 8 მარტს შედგა. დიალოგში მონაწილე ელჩებმა შეთანხმების თაობაზე განცხადება გაავრცელეს. როგორც ფასილიტატორი დიპლომატების განცხადებაშია ნათქვამი, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

დღის ამბები