18 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
საქართველოს მთავრობის ძალისხმევა პანდემიასთან გამკლავებაში შთამბეჭდავია - ევროპის საინვესტიციო ბანკის 200 მილიონიანი მხარდაჭერა

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს მთავრობის ძალისხმევას COVID-19-ის პანდემიასთან გამკლავებაში, შთამბეჭდავად აფასებს და სხვადასხვა საჭიროებისთვის 200 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას გეგმავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ლილიანა პავლოვასთან გამართული ვიდეო-კონფერენციისას EIB-ის ფინანსური მხარდაჭერის და საქართველოში ოპერაციების მოცულობის გაზრდის შესაძლებლობები განიხილა.

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარების, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ფისკალური და სხვა საჭიროებებისთვის 200 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას გეგმავს.

ლილიანა პავლოვას შეფასებით, EIB დეტალურად ადევნებს თვალს ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით არსებულ მდგომარეობას და საქართველოს მთავრობის ძალისხმევა COVID-19-თან გამკლავების ნაწილში შთამბეჭდავია. 

მთავრობის მეთაურმა COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებთან ეფექტურ გამკლავებაში საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და EIB-ს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის საქართველოს როგორც საჯარო, ისე - კერძო სექტორთან. 
ხაზი გაესვა EIB-ის მიერ ქართული ბანკებისა და სხვა ბიზნეს სუბიექტებისთვის გამოყოფილ დაფინანსებას, რომელთა ხელშეწყობა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მთავრობისთვის პრიორიტეტულია.

კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება, დაახლოებით, 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი.

ყურადღება გამახვილდა მთავრობის აქტიურ კომუნიკაციაზე საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორ ორგანიზაციებთან, რათა ერთობლივად შემუშავდეს იმ ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მიზნობრივად ორიენტირებული იქნება მიმდინარე გამოწვევებთან გამკლავებაზე. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრების პარალელურად ინტენსიური მუშაობა სამინისტროების დონეზე მიმდინარეობს. 

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია საქართველოსთვის და მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა EIB-ის გავლით საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად დაეხმარება როგორც უშუალოდ კრიზისთან ბრძოლაში, ისე პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპის დასაბრუნებლად.

ვიდეო-კონფერენციაში ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი მონაწილეობდნენ.

დღის ამბები