ამ წუთებში სასამართლო "გირჩის“ აქტივისტების საქმეს განიხილავს. საუბარია 23 აპრილს იპოდრომის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც სულ 14 ადამიანი დააკავეს. მათ საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების დარღვევასთან ერთად, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ. ყველა 3 000 ლარით დაჯარიმდა. დღეს მოსამართლე დისტანციურად მხოლოდ სამის საქმეზე იმსჯელებს.
სასამართლო პროცესს მოსამართლე დისტანციურად წაუძღვება. დაცვისა და ბრალდების მხარე კი უკვე შევიდა სასამართლო სხდომაზე. დღეს 3 დაკავებულის სასამართლო პროცესი იმართება. მათმა უფლებადამცველმა „კურიერთან“ საუბარში განაცხადა, რომ მოტანილი აქვთ მტკიცებულებების სახით ვიდეომასალა, რომელიც აქცია-პერფორმანსის დროს თავად დაკავებულებმა გადაიღეს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ამბობენ, რომ ეს ქმედებები არ ჩაუდენიათ და ჩემი მოლოდინია, რომ წესით უნდა გამართლდნენ აღნიშნულ ბრალდებაში. მტკიცებულებები წარმოადგინეს - დაკავების დროს ვიდეოკამერების ჩანაწერები და ჩვენი მხრივ ჩვენ გვყავს 2 მოწმე, ჩვენც ასევე ჩანაწერები წარმოვადგინეთ, რომლებსაც იღებდნენ გოგონები სეირნობის დროს,“ - აცხადებს ადვოკატი მარიამ მაძღარაშვილი.
რაც შეეხება აქტივისტებს, ისინი აცხადებენ, რომ მათ სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
"წაგვიყვანეს შეურაცხყოფისთვის, რომელიც ჩემთვის ძალიან გაურკვეველი იყო რა შეურაცხყოფა მივაყენე და პრინციპში ამაზე აეგო მერე დანარჩენი ყველაფერი. თვითონ არღვევდნენ კანონს და შეხედულებით, საერთოდ არ იყო იქ პროპორციული ძალები გამოყენებული. აქედან გამომდინარე. ამან გამოიწვია ჩემი აღშფოთება და სიმართლე, რომ გითხრათ, ეს რომ ცოტა ნორმალური ქვეყანა იყოს, პირიქით უნდა ვუჩიოდე, იმდენად შეურაცხყოფილი სცენების გავლა მომიწია," – აცხადებს აქტივისტი მაგდა დიაკონიძე.
ასევე დღეს მოწმეების სახით დაიკითხებიან პარტიის ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე და იაგო ხვიჩია, რომლებიც პოლიციის მიერ აქტივისტების დაკავების დროს გამოყენებულ არაპროპორციულ ძალაზე საუბრობენ.
"მქონდა მე აქცია, სეირნობა. ვაპროტესტებდი საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის არსებობას. მათ შორის, ჩემთან ერთად ამ აქციაში მონაწილეობას იღებდა კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც უბრალოდ სეირნობდნენ, მეტი არაფერი. პოლიციამ გადაგვიყვანა, დაგვაკავა. მათ შორის "გირჩის“ 2 აქტივისტი, ერთი საერთოდ აქტივისტიც არ არის, უბრალოდ გააპროტესტა პოლიციის აღვირახსნილობა.
ეს ადამიანები დააკავეს და მათ ედავებიან დამატებით ხულიგნობას და წინააღმდეგობის გაწევას.
ეს არის ორი გოგო, რომლებიც ხელბორკილებით და ხელების უკან გადაგრეხვით ჩატენეს მანქანაში. მე ვარ დაბარებული მოწმის სახით და უნდა მოვუყვე, რა დავინახე. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა ისეთი, რაც არ მომხდარა ბოლო დღეებში საქართველოს სხვადასხვა ადგილას, უბრალოდ ეს იყო გაცხადებული საპროტესტო აქცია, განსხვავებით სხვა შემთხვევებისგან," - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.