დღეიდან ბოლნისის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები იხსნება. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე მიიღო.
ადგილობრივები ამბობენ, რომ შეზღუდვების პერიოდში მოსავლის რეალიზაციას ვერ ახორციელებდნენ, რის გამოც პრობლემები შეექმნათ. მათი განმარტებით, სოფელში 2,000 მოსახლეა და იქ ყველა კარტოფილის რეალიზაციით მიღებული შემოსავლით ცხოვრობს.
"კარგია რომ იხსნება. აქ 2,000 მოსახლეა და ეს სოფელი კარტოფილით ცხოვრობს. ეს პერიოდი კარტოფილი ვერსად მიგვქონდა, სახლიდან ვერ გავდიოდით და არ შეგვეძლო მოსავლის გაყიდვა. მადლობა ღმერთს, რომ მთავრდება ეს ვირუსი," – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
პარალელურად, ბოლნისის სოფელ მუშევანში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდგინდა. ინფიცირებულის წყარო ცნობილია.
ამ დროისთვის ბოლნისში კორონავირუსის სულ 151 დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება. 66-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. დადასტურებული შემთხვევებიდან 3 გარდაიცვალა.