10 სექტემბერი 2026,   21:53
ვრცლად
"კურიერმა" იმ ბიზნესმენის ვინაობა გაარკვია, რომლის უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და თანხის გამოძალვის საქმეზე, პოლიციამ 13 პირი დააკავა

"კურიერმა" იმ ბიზნესმენის ვინაობა გაარკვია, რომლის უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და თანხის გამოძალვის საქმეზე, პოლიციამ 13 პირი დააკავა. 

ბადრი ავდოიანი - ეს არის კომპანია "ზერ-ცხრას“ 100%-იანი წილის მფლობელი, რომელსაც გამოძიების ვერსიით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირებმა, ქურდული სამყაროს წევრებთან დაახლოებულ მოქალაქეებთან ერთად, იძულებით რამდენჯერმე 7 500 აშშ დოლარი დაათმობინეს. 

ბრალდებულები ახლა თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წინასწარი მოთავსების იზოლატორში არიან გადანაწილებული.

კრიმინალური გარჩევა 2019 წლიდან იწყება, როდესაც გამოძიების ვერსიით, ბიზნესმენმა ბადრი ავდოიანმა ისესხა 30 000 აშშ დოლარი ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაახლოებული პირების დახმარებით და აიღო ვალდებულება, რომ ამ თანხის სრულად დაფარვამდე ყოველთვიურად 7 500 აშშ დოლარს მხოლოდ პროცენტის სახით გადაიხდიდა. მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა საკმარისი თანხა ვერ შეაგროვა, გამოძიების ვერსიით, მას თავისუფლება 2-ჯერ უკანონოდ აღუკვეთეს.

პირველი შემთხვევა იანვრის თვეში ,დიღომში მოხდა. ამ დროისთვის ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ბიზნესმენს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ვიდრე მისმა მეუღლემ გამტაცებლებს 7,500 აშშ დოლარი არ გადასცა, ბიზნესმენი არ გაათავისუფლეს.

ბიზნესმენის იძულებით თავისუფლების აღკვეთის მეორე შემთხვევა შემდეგ თვეს მოხდა, როდესაც 7 500 აშშ დოლარის გასტუმრების თარიღი მოახლოვდა, ბიზნესმენს სახლში მისი შვილის მეგობრებმა მიაკითხეს, მოტყუებით გაიყვანეს სახლიდან, თითქოს ერთ-ერთ რესტორანში სალაპარაკოდ მიჰყავდათ და რეალურად აღმოჩნდა წინასწარ ნაქირავებ ბინაში, სადაც კვლავ ფიზიკურად გაუსწორდნენ და სწორედ ამ გზით დაეუფლნენ 7 500 აშშ დოლარს ქურდულ სამყაროსთან დაახლოებული პირები.

"საკუთარი ფული იყო იმ ბიჭების მიცემული, რომელსაც არ უბრუნებდა, გაუბრაზდნენ იმიტომ, რომ მთელი ხნის განმავლობაში დასდევდნენ, თხოვდნენ თანხის დაბრუნებას, ხან რა გზას მიმართა, ხან რა გზას და არ უბრუნებდა და ბოლოს აი ამ გზას მიმართა. თანხა არ გამოუძალიათ არავისთვის. უნდა რაღაც მთავარი ეყიდა თუ შემოეტანა თავისი ბიზნესისთვის, საიდანღაც შემოაქვს რაღაც, ფეხსაცმელები თუ არ ვცდები. თვეში უნდა მიეცა 7 500 დოლარი. ერთი თვე მისცა, ორი თვე მისცა და მერე შეწყვიტა," – აცხადებს ერთ-ერთ დაკავებულის ძმა.

აღნიშნული საქმე საკმაოდ მოცულობითია და 3 ეპიზოდისგან შედგება, თუმცა ამ ეპიზოდებს შინაარსობრივი კავშირი ერთმანეთთან არ აქვთ, უბრალოდ გამოძიების ვერსიით, ერთი და იგივე პირები ფიგურირებენ.

მე-2 ეპიზოდი ავტომობილის გასხვისებას ეხება. ირაკლი ნიაურმა, რომელიც ბიზნესმენის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეშიც ფიგურირებს, გაყიდა ავტომობილი, თუმცა მან თანხა სრულად არ აიღო. როგორც გამოძიებამ დაადგინა, სავარაუდოდ ფარული მიყურადების შედეგად, ირაკლი ნიაურისთვის განკუთვნილი თანხა მოტყუებით მიისაკუთრა მასთან დაპირისპირებაში მყოფმა სპორტსმენმა ნიკოლოზ ოშაკმაშვილმა, რომელიც ამ დროისთვის ბრალდებულია. ასე დაიწყო მხარეებს შორის დავა.

როგორც მისი ინტერესების დამცველი ამბობს, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამბობენ, რომ მათ სხვა პირებთან კავშირი საერთოდ არ ჰქონიათ.

"შევხვდი დაკავებულს. იგი იყენებს დუმილის უფლებას. თავს დამნაშავედ არ ცნობს. რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, მას ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 243 მე-4 პრიმა მუხლს, რაც ითვალისწინებს ქურდული სამყაროს წევრისათვის მიმართვას. მასთან გასაუბრების შედეგად, რამდენადაც თავად მითხრა, დანარჩენ დაკავებულ პირებს არ იცნობს და მათი ვინაობაც კი არ იცის," - აცხადებს სპორტსმენის ადვოკატი მარიამ კანდელაკი.

რაც შეეხება მე-3 ეპიზოდს, ესეც ერთ-ერთი ავტომობილის გასხვისებას უკავშირდება და ამ შემთხვევაში ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ამ საქმეში მას შემდეგ ჩაერივნენ, რაც მხარეებმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს.

"ბრალდება არის აბსურდული. თითქოს რაღაც შეკრება მოაწყვეს და ქურდული გარჩევა, სინამდვილეში არც ერთი არ წარმოადგენს კრიმინალურ ავტორიტეტს, არავისთვის მიმართვა არ ფიქსირდება და საინტერესოა რა მტკიცებულებები ექნებათ. დღეს წარუდგენენ ბრალს, შესაბამისად გავიგებთ ყველა მტკიცებულებებს. მგონია, რომ ვერანაირად ვერ დაადასტურებენ ბრალეულობას ამ ნაწილში და პირველ ორ ეპიზოდში კიდევ საერთოდ შემხებლობაში არ არის ეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 2 პიროვნება," - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჭოჭუამ.

დღის ამბები