გამოძიების ფარგლებში, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით დაიწყო, დავით ქაცარავა მოწმის სტატუსით დაიბარეს. ინფორმაცია "კურიერს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. დავით ქაცარავას განცხადებით, უწყებაში დავით გარეჯის საქმეზეა დაბარებული.
ქაცარავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებას საკუთარ საქმიანობას და მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" უკავშირებს.
"გარეჯის თემა არის ახალი შეთხზული და ამ თემას გამოიყენებენ. ყოველ შემთხვვაში, შეეცდებიან, რომ როგორღაც მოახერხონ და შეაჩერონ ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია", რომელიც მოქმედებს უკვე 3 წელია საოკუპაციო ხაზებთან და, ასევე, აქტიურობს დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით. გვიმალავენ გატაცებულების რაოდენობას, რუსი ოკუპანტების აქტივობებს და ეს ყველაფერი შედეგია იმ პოლიტიკისა, რასაც აწარმოებს ჩვენი ხელისუფლება - რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკაზეა საუბარი,"-განაცხადა დავით ქაცარავამ.
დავით ქაცარავას ადვოკატი ია სირანაშვილიც ფიქრობს, რომ მისი დაკითხვა ანტისაოკუპაციო მოძრაობას უკავშირდება.
"ცდილობენ ბატონი დავითის საქმიანობის შეჩერებას. ის, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, ჩვენმა ჯარმა და ასე შემდეგ, აკეთებს ბატონი დავითი და ნაცვლად იმისა, რომ ღირსების ორდერით დააჯილდოვონ, პირიქით, მოწმის სახით კითხავენ და რასთან დაკავშირებითაც კითხავენ, ეს საკითხიც გასარკვევია,"-განაცხადა ადვოკატმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირები, რომლებიც ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ.