ქუთაისში, წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები გამოცდებთან დაკავშირებით ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათი თქმით, ადმინისტრაცია მათ ფინალური გამოცდების ტელეფონით ჩაბარების უფლებას არ აძლევს, რის გამოც ბევრ სტუდენტს პრობლემა ექმნება.
ახალგაზრდების განცხადებით, მათ არ აქვთ კომპიუტერი და შესაბამისად, ონლაინ გამოცდას ვერ დაესწრებიან. მათი თქმით, ადმინისტრაცია შეზღუდვის მიზეზად ტელეფონით გადაწერის შესაძლებლობას ასახელებს.
"ადმინისტრაციამ გვითხრა, რომ ფინალურ გამოცდებს ტელეფონით ვერ ჩავაბარებთ, თურმე გადაწერის საფრთხე არსებობს, გადაწერა თუ უნდა ვინმეს, ეს შესაძლებელია კომპიუტერითაც, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ სტუდენტების უმეტესობა რაიონებიდანაა და მათ კომპიუტერი არ აქვთ. მსგავსი პრობლემის გამო, რამდენიმე ასეულმა სტუდენტმა შუალედური გამოცდა ვერ ჩააბარა. ამბობენ, რომ მომავალ თვეში სტუდენტებს უნივერსიტეტში გამოუყოფენ სივრცეს, რასაც ზაფხულზე გარკვეული პრობლემები ექნება. ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია გვიჭირს"- განაცხადეს სტუდენტებმა.
სტუდენტების შენიშვნას არ იზიარებენ ადმინისტრაციაში. უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის შალვა კირთაძის თქმით, კომპიუტერით ჩაბარების დროს მინიმუმამდე იქნება დაყვანილი გადაწერის საფრთხე, რაც ტელეფონით ვერ გაკონტროლდება. მათთვის, ვინც ონლაინ ვერ მოახერხებს ჩაბარებას, ხუთი ივლისიდან უნივერსიტეტში სივრცე გამოიყოფა.