აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენისას მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას გამოხმაურება მოჰყვა უმრავლესობაში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის შეფასებით ოპოზიციას ხელისუფლების წარმატებების შურს და მათი საქციელიც ამას უკავშირდება:
"გაბოროტებული არიან და შურთ ხელისუფლების წარმატების, მე ხშირად ვიმეორებ ამ სიტყვებს და ახლაც ვიტყვი, რომ ჩვენი ოპოზიცია, მას შემდეგ რაც აანალიზებს პანდემიის შედეგებს, იქცევა იმ შურიანივით დახრჩობას რომ გადაარჩინეს და გადამრჩენის ვაჟკაცობა შეშურდა,"- აცხადებს დავით გაბაიძე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ოპოზიციის ქმედებების მიუხედავად ხელისუფლება თავის ვალდებულებებს აუცილებლად შეასრულებს, ოპოზიციის საქციელს კი შესაბამის შეფასებებს ხალხი მისცემს:
"ნაცმოძრაობა პირდაპირ გადავიდა ამ კონსტიტუციური ვალდებულების საბოტაჟზე და მათ რაღაც პოლიტიკური შოუ დადგეს და მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ სხდომა გადაეყვანათ დესტრუქციაში, თუმცა ჩვენ ჩვენ ვალდებულებებს აუცილებლად შევასრულებთ და ხალხიც, მათ შორის აჭარის მოსახლეობაც, შესაბამის შეფასებებს მისცემს, მათ უპასუხისმგებლო საქციელს," - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
სიტყვიერი დაპირისპირება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენას მოყვა. თორნიკე რიჟვაძის სიტყვით გამოსვლისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელგუჯა ბაგრატიონი ტრიბუნასთან მივიდა და განმარტებები მოითხოვდა. მისი თქმით მოქალაქეებს სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს. საუბარია აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან შეკრებილ მოსახლეობაზე, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ. ელგუჯა ბაგრატიონს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სხდომის დატოვება მოსთხოვა, რასაც დეპუტატი არ დაემორჩილა.
ავტორი: მირიან გორგოძე