როგორი იქნება წელს კახეთში ატმის მოსავლის აღების, დაბინავებისა და რეალიზაციის საკითხები - დეტალები სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ატმის გადამმუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებთან და ექსპორტიორებთან გურჯაანში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოსო პავლიაშვილის ინფორმაციით, პროდუქციის რეალიზაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის აღება ადგილზე, "ერთი ფანჯრის" პრინციპით იქნება შესაძლებელი.
"წელს დიდი რაოდენობით ველოდებით ატმის მოსავალს. ეს იქნება, დაახლოებით, 35 ათას ტონაზე მეტი. რადგან პანდემიაა, გავაკეთეთ ლოკაცია ჩუმლაყის ტერიტორიაზე, სადაც განთავსდებიან ის მანქანები, ვინც აპირებს პროდუქციის ექსპორტი განახორციელოს. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ექსპორტიორებს ჰქონდეთ "მწვანე კორიდორი," ერთი ფანჯრის პრინციპით გაიცემა ყველა დოკუმენტი და არ შეექმნებათ არანაირი პრობლემა,"- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით ჩამოყალიბდა შტაბი, რომელიც მოსავლის აღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიხილავს.
"ჩამოყალიბდა შტაბი, სადაც ყველა მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული, რომელიც რთველს ახლავს თან. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ისე მთლიანად შტაბი მოწადინებულია, რომ ყველა პრობლემა ოპერატიულად გადაწყდეს,"- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.