პორტსმუთის სანაპიროზე ღამით ასობით აქტივისტი მობილიზდა. ჯგუფმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა. დაპირისპირება შეტაკებებში გადაიზარდა, სამართალდამცველებმა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ფარები და "წიწაკის სპრეი" გამოიყენეს. შეკრებულები გააფრთხილეს, რომ აქციის გაგრძელების და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაკავებების სერია დაიწყებოდა.
ლა-მანშის სრუტის ზოლის მიმდებარედ პროტესტის მონაწილეები მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც საფრანგეთიდან ინგლისში რეზინის გასაბერი ნავებით ასობით მიგრანტი ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთის სასაზღვრო პოლიცია მათ სანაპიროზე გადმოსხდომაში დაეხმარა. აღნიშნული მარშრუტით, ნორმანდიიდან ქვეყნის ტერიტორიაზე ბოლო კვირების განმავლობაში უკვე ასობით მიგრანტი მოხვდა.
ანტისაიმიგრაციო პროტესტის მონაწილეთა ქმედებებს გმობს ბრიტანეთის მთავრობა. ხელისუფლების წევრები დემონსტრანტების აგრესიულ და დამაშინებელ მოქმედებებში ადანაშაულებენ.
ქვეყანაში მიგრანტების შედინებას ეხმაურება ბრიტანეთის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. ნაიჯელ ფარაჯი ყოფილ და მოქმედ პრემიერ-მინისტრებს უმოქმედობაში ადანაშაულებს, "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკის წარუმატებლობაზე საუბრობს და ეროვნული უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს.
ბრისტოლი, ლივერპული, მანჩესტერი და ლონდონი - ბრიტანეთის უმსხვილეს ქალაქებში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მრავალათასიანი ანტისაიმიგრაციო პროტესტი მიმდინარეობს. ოპოზიცია და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლები ხელისუფლებას საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას კონტროლს ითხოვენ.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე