"მეთადონი", "მეფედრონი", "ალფა-პვპ", "მდმა”, "ჰაშიში“, "კეტამინი“ და "მარიხუანა" - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
დაკავებული 8 პირიდან 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. რამდენიმე მათგანი სამართალდამცველებმა ერთ-ერთი სასტუმროდან აიყვანეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს წინასწარ შერჩეულ კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ, შემდეგ კი, კოორდინატებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ. დაკავებულების ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს, ნაწილი კი ბრალს არ ეთანხმება.
სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული 44 ადგილიდან ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულიც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.