წყვილი, რომელიც მხოლოდ ბინადრობის ნებართვის მისაღებად იქორწინებს, კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება. საქართველოში ფიქციური ქორწინება დასჯადი გახდა. კანონდამრღვევი პირებისთვის სასჯელი 2 წლამდე განისაზღვრა. კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და საკანონმდებლო ორგანომ უკვე დაამტკიცა.
სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, საქართველოს მოქალაქეს ეკრძალება იქორწინოს უცხო ქვეყნის მოქალაქესთან იმ მიზეზით, რომ ამ უკანასკნელს ქვეყანაში ლეგალური ცხოვრების ნებართვა ჰქონდეს. ასეთ შემთხვევაში საპატიმრო სასჯელი ქალზეც და მამაკაცზეც ვრცელდება. რა გახდა კანონის გამკაცრების მიზეზი - დეტალები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განმარტა. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, კანონპროექტი ევროპული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით მომზადდა. შემუშავებული მექანიზმები კი იმ გამოწვევებს პასუხობს, რომელიც მიგრაციულ ნაკადს თან ახლავს.
არის თუ არა წყვილი ფიქციურ ქორწინებაში - სიმართლეს უწყებათაშორისი კომისია დაადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ქორწინებაში მყოფ პირებს პირადად შეხვდებიან და კონკრეტულ კითხვებს დაუსვამენ. თუ გასაუბრების დროს კომისიის წევრებს ეჭვი გაუჩნდებათ, რომ ქორწინება მხოლოდ ბინადრობის მოპოვების გამო შედგა, ამ შემთხვევაში საქმის მასალები რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებას გადაეცემა.
უწყებათაშორის კომისიაზე მისვლა არ დასჭირდებათ იმ პირებს, რომლებიც საგამოძიებო უწყებას თავად მიმართავენ და აღიარებენ, რომ ფიქციურ ქორწინებაში იმყოფებიან. ისინი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან.
საპატიმრო სასჯელის გარდა, ფიქციურ ქორწინებაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე შესაძლოა საქართველოდანაც გააძევონ. ეს იმ შემთხვევაში, თუ ამას მოსამართლე გადაწყვეტს და გაძევებულ პირს უკან დაბრუნების უფლება აღარ ექნება.
მიგრაციული ნაკადების მართვა და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება - ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სწორედ ამიტომ მიგრაციის დეპარტამენტი ყოველდღიურად შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს ატარებს. ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველოდან 3 000 არალეგალი მიგრანტი გააძევეს.
საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაზე შეფასებები მმართველ გუნდში გაკეთდა. უმრავლესობის წევრების თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები დროული და მნიშვნელოვანია.
საკანონმდებლო ცვლილებას შედეგი უკვე აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანონის ამოქმედებისთანავე ქორწინების საფუძველზე ბინადრობის მოთხოვნების რაოდენობა შემცირდა.