ბოლო ათწლეულში საუკეთესო შედეგი და 91 ქვეყანას შორის რეიტინგში პირველი ადგილი. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მათემატიკასა და კითხვაში მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებით საქართველოს მონაცემები საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა. PISA-ს კვლევის მიხედვით, 2022 წლის მაჩვენებლებთან შედარებით და მოსწავლეთა მიღწევების გლობალური კლების პირობებში, ყველა ძირითად სფეროში საქართველოს შედეგები გაუმჯობესებული აქვს.
საქართველოს მიღწევებს სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითოს უწოდებენ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში. "ოისიდის" განათლებისა და უნარების მიმართულების დირექტორის თქმით, იმ პირობებში, როდესაც არაერთი სახელმწიფოს განათლების სისტემა სირთულეებს ებრძვის, საქართველო ისტორიულ შედეგებს იღებს. ანდრეას შლაიხერი ყურადღებას ხარისხსა და თანასწორობაზე ამახვილებს.
PISA-ს კვლევის მიხედვით, საქართველოში დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა შემცირებულია და ამ მხრივ ქვეყანა პირველ სამეულშია. იკლო სხვაობამ ქალაქისა და სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევებს შორისაც. მოსწავლის სოციალურ სტატუსს და მასთან კავშირში მყოფ ფაქტორებს კი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მოსწავლის შედეგებზე ნაკლები გავლენა აქვს. პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებაზე და გამოწვევებთან გამკლავების აუცილებლობაზე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა პრემიერ მინისტრმა.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან საქართველოს 16-წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ბოლო 10 წლის განმავლობაში პრიორიტეტი არსებული შედეგების გაუმჯობესება იყო. 2025 წლის PISA-ს კვლევამ აჩვენა, რომ საქართველომ არაერთი მიმართულებით ლიდერი პოზიციები დაიკავა.
PISA-ს კვლევას მმართველი გუნდი განათლების სისტემის რეფორმას უკავშირებს. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ დამატებითი შედეგების მომტანი იქნება ის ცვლილებები, რომლებიც პრემიერ მინისტრის ინიციატივით ზოგადი განათლებისთვის მომზადდა.
PISA-ს 2025 წლის კვლევა რიგით მეცხრეა. 2022 წელს გამოკითხვაში 81 ქვეყანა მონაწილეობდა, გასულ წელს კი ამ სახელმწიფოების რაოდენობა 10-ით გაიზარდა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მათემატიკასა და კითხვაში მოსწავლეთა მიღწევის მაჩვენებლის მიხედვით საქართველოს ბულგარეთი, მოლდოვა, კვიპროსი, ჩრდილოეთ მაკედონია, სომხეთი, აზერბაიჯანი, არგენტინა და სხვა არაერთი ქვეყანა ჩამორჩება.
შემცირდა დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეთა წილი, რაც ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით, 2025 წელს პროცენტულად ნაკლებმა მოსწავლემ მიიღო დაბალი შედეგი. საქართველო დაბალი მიღწევების მოსწავლეთა მონაცემების გაუმჯობესების კუთხით 91 ქვეყანას შორის პირველ სამეულშია.
შემცირდა სხვაობა ქალაქისა და სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევებს შორის, რაც თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. აღსანიშნავია, რომ დაფიქსირდა საბუნებისმეტყველო და მათემატიკის სფეროებში სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევების ზრდა.
საქართველოში მოსწავლის სოციალურ სტატუსს და მასთან კავშირში მყოფ ფაქტორებს, OECD-ის ქვეყნებთან შედარებით, ნაკლები გავლენა აქვს მოსწავლის მიღწევებზე, რაც ცალსახად პოზიტიური მაჩვენებელია. კერძოდ, საქართველოში, საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით, უფრო მაღალია "გამორჩეულ მოსწავლეთა" წილი, რომლებიც, დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მიუხედავად, PISA-ს ტესტში მაღალ შედეგებს აჩვენებენ.
კვლევამ გამოავლინა, რომ მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ სასწავლო გარემოს. გამოკითხვების შედეგების თანახმად, სასწავლო გარემოს - სკოლისადმი კუთვნილების, დისციპლინისა და ბულინგის დონის შეფასებებით, საქართველოს მაჩვენებლები საერთაშორისო საშუალოს უტოლდება ან აღემატება.
მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ ქვეყანაში სოციალური მობილობის შანსებს.
2022 წლის შედეგების თანახმად, პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნების მიღწევებზე, თუმცა, საერთაშორისო ტენდენციისგან განსხვავებით, საქართველოს მაჩვენებლები არსებითად არ შეცვლილა. მხოლოდ არაარსებითად დაიკლო კითხვაში, რაც დღესდღეობით გლობალური ტრენდია.
2025 წელს შეფასების ძირითადი სფერო იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. თუ შევხედავთ ქვეყნებისა და ეკონომიკების შედარებას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა მიღწევის მაჩვენებლის მიხედვით დავინახავთ, რომ საქართველოს ჩამორჩებიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: ბულგარეთი, მოლდოვა, ყაზახეთი, მალაიზია, კვიპროსი, ჩრდილოეთ მაკედონია, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბრაზილია, არგენტინა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ თუ წინა, 2022 წლის PISA-ს კვლევაში მონაწილეობდა მსოფლიოს 81 სახელმწიფო, 2025 წლის კვლევაში ქვეყნების რაოდენობა 91-მდე გაიზარდა, რაც საქართველოს მიღწევებს უფრო წარმოსაჩენს ხდის.
2025 წლის შეფასება რიგით მეცხრე ციკლია. PISA ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა, 2025 წლიდან კი PISA-ს ციკლის ხანგრძლივობა 4 წლამდე გაიზარდა.
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) 2000 წლიდან ტარდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით. საქართველო PISA-ში პირველად 2010 წელს ჩაერთო.
PISA 15 წლის მოზარდების ზრდასრული ცხოვრების გამოწვევებისთვის მზაობას აფასებს. შეფასების ძირითადი სფეროებია: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.