"ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა 16 რესტორნის უსამართლო დაჯარიმებაზე ისაუბრეს. საბა ბუაძემ და ანა ნაცვლიშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს რესტორნებისთვის არასამართლიანად დაკისრებული 10 000 ლარიანი ჯარიმის გაუქმებისკენ მოუწოდეს.
"ლელოს" ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ქმედება არის სადამსჯელო ოპერაცია. ხელისუფლებამ უმძიმეს ვითარებაში მყოფი სარესტორნე ბიზნესი დახურვის პირას მიიყვანა.
"ხელისუფლებამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დააჯარიმა კაფეები და რესტორნები. სექტორს, რომელიც პანდემიის შემდეგ უმძიმეს მდგომარეობაშია, დაჯარიმების შემდეგ უდიდესი დარტყმა მიადგა. თვეების განმავლობაში რესტორნები არ ფუნქციონირებდნენ, ბევრი დაიხურა, ბევრმაც დამატებითი ვალდებულება აიღო თანამშრომლების შესანარჩუნებლად. თუმცა, ხელისუფლებამ მორიგი იერიში მიიტანა ბიზნესზე. ამ ოდენობის ჯარიმის დაწესება ნიშნავს, რომ ბევრი მათგანი ბაზრიდან უნდა გავიდეს და ნაწილმა სამუშაო ძალა უნდა შეამციროს," - განაცხადა საბა ბუაძემ.
"ის, რომ რესტორნების აბსოლუტური უმრავლესობა წინასწარი გაფრთხილების გარეშე დააჯარიმეს, ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ობიექტები სადამსჯელო ოპერაციის მსხვერპლი გახდნენ" - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
"სამწუხაროდ, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი არის მისი პოლიტიკის დადასტურება. მნიშვნელოვანია რეგულაციების შესრულება, თუმცა რეგულაციით ნაკისრი ვალდებულების შესრულება რომ ეფექტური იყოს, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს გააჩნდეს ჯანსაღი მიდგომა საკითხის მიმართ. დაუშვებელია, სახელმწიფო იყოს სადამსჯელო ოპერაციის განმახორციელებელი, რასაც დღევანდელი ხელისუფლება არ აკეთებს. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად დიალოგის გზით მიიღოს შედეგი. სხვა შემთხვევაში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, ვიდრე პანდემიის დროს," -აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.