10 სექტემბერი 2026,   22:24
ვრცლად
ჩემი ერთი წყარო არის სუს-ის მაღალჩინოსანი და მეორე-"ქართული ოცნების" მაღალჩინოსანი - ნიკა გვარამია გიორგი გაბუნიას საქმეზე

ტელეკომპანია "მთავარის" დირექტორის  გამოკითხვა დასრულდა. ნიკა გვარამია მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას  მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოკითხეს. დღეს ასევე მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა თავად გიორგი გაბუნიაც.

ნიკა გვარამიას განცხადებით, გამოძიების მთავარი კითხვები ინფორმაციის წყაროს უკავშირდებოდა და როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, მან გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისი წყაროები იყვნენ სუსის მაღალჩინოსანი და ასევე, "ქართული ოცნების" ჩინოვნიკი:

"შეკითხვები ჰქონდათ წყაროსთან დაკავშირებით, ჩემი წყარო არის სუსის მაღალჩინოსანი და ეს ინფორმაცია მათ მივაწოდე, ასევე მეორე მაღალჩინოსანი "ქართული ოცნების", რომელიც უშიშროების უწყებებში არ მუშაობს, მაგრამ ფლობს ინფორმაციას. გვარები არ დამისახელებია, ცხადია. გაბუნიას შესთავაზეს დაცვა, ლოგიკური დასკვნაა, რომ საფრთხე ამოწურული არ არის, რაც შეეხება იმას, დათანხმდება თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია," - განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, სუსის წყაროსგან მიღებულ ინფორმაციას იგივე სუსს ვერ აცნობებდა:

"სუსს ხომ არ ჩავაყენებდი საქმის კურსში, რომ ინფორმაცია მისგან მაქვს. დაზუსტებული არ იყო. მართალი გითხრათ, ბოლომდე სარწმუნოდაც არ იყო ჩემს მიერ მიღებული. სხვადასხვა ტიპის დანაშაულებთან დაკავშირებით, სუსის წყაროებისგან ვიღებთ ძალიან ბევრს, მიმდინარეობს მათი გადამოწმებაც და სუსსვე არ ვატყობინებთ, რომ რამდენად მართალია, თუ არა, დაგვიდასტუროს," - აღნიშნა გვარამიამ.

მისი თქმით, მას ეს ინფორმაცია დაახლოებით 2 თვეა რაც აქვს.

დღის ამბები