26 აპრილი 2024,   09:31
ვრცლად
"ეკონომიკის ვარდნა COVID ეპიდემიის დროს მთავრობის არაადეკვატურმა ნაბიჯებმა გამოიწვია" - ოპოზიცია ეკონომიკის 13.5%-იან ვარდნაზე

მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან 4 თვის განმავლობაში საშუალო რეალური ზრდა უარყოფითი იყო და -5.4%-ი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში.

"აპრილი-მაისი ჩვენ საგანგებო რეჟიმში ვიმყოფებოდით და სრულიად შეგნებულად გვქონდა შეჩერებული ბიზნესაქტივობა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა გადავრჩენილიყავით და არ გაგვემეორებინა ის ნეგატიური ტენდენციები, რაც სამწუხაროდ სხვა სახელმწიფოებში მოხდა. 

ჩვენ კვლავაც ველოდებით, რომ იქნება ნეგატიური დინამიკა, წლის ბოლომდე 4/5%, სხვადასხვა საერთშორისო ორგანიზაციის ვარაუდით, თუმცა 2021 წლისთვის ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პოზიტიურ დინამიკას დავუბრუნდეთ,"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

"მიზეზი არის ობიექტური და სუბიექტური. ობიექტურია პანდემია და ბიზნესის ჩაკეტვა, მაშინაც ბევრი არასწორი ნაბიჯი იყო გადადგმული, მხოლოდ 69 საწარმოს, მათთან დაახლოებულ ბიზნესებს მისცეს მუშაობის უფლება. არასწორად წარმართეს პანდემიის დროს ანტიკრიზისული ღონისძიებები, ის ფული, 5 მილიარდამდე, რომელიც უნდა მივიღოთ და ნაწილი მიღებულია უკვე უცხოეთიდან, ამ ფულს არასწორი მისამართი მიუჩინეს და ძირითადად მათთვის კორუფციული და სასარგებლო მიზნებისთვის," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე. 

"ეკონომიკის ვარდნა - ეს არის იმ არაადეკვატური ნაბიჯების გამო, რომელიც მთავრობამ გადადგა COVID ეპიდემიის დროს. ფორსმაჟორი გამოიყენეს იმისთვის, რომ ჩინოვნიკებს და მათ ახლობლებს ფული ეკეთებინათ. არ შეამცირეს ხარჯები, არ შეამცირეს გადასახადები და ახლა, როცა ყველაფერი გაიხსნა, რასაც კი ოდნავ შერჩა სუნთქვის უნარი, ჩამოიარეს და 10,000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს კერძო კომპანიებს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი ირმა ნადირაშვილი. 

 

დღის ამბები