19 ნოემბერი 2024,   00:21
ვრცლად
პროტესტი საძოვრებზე გამოცხადებული აუქციონის წინააღმდეგ - სოფელ აწყურის მოსახლეობამ რამდენიმე წუთით ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მოსახლეობამ რამდენიმე წუთით ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.

აქციის მონაწილეები საძოვრებზე გამოცხადებული აუქციონის შეჩერებას მოითხოვენ. საუბარია სოფლის კუთვნილ 23 ათას კვადრატულ ფართობზე, რომელიც თეთრი გიორგის მონასტერთან ახლოს მდებარეობს.

ადგილობრივების თქმით, იმ შემთხვევაში თუ აუქციონი არ შეჩერდა, ისინი საძოვრების გარეშე დარჩებიან, რადგან სხვა ალტერნატიული ფართობი არ არსებობს. ადგილზე ვითარებას პოლიცია აკონტროლებდა.გზის გახსნის შემდეგ კი რამდენიმე ახალგაზრდა, პოლიციამ მოსალაპარაკებლად წაიყვანა.

მოსახლეობის პროტესტს შეუერთდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი ბოტკოველის მტკიცებით, აუქციონი ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის, გელა სამხარაულისა და მასთან დაახლოებული პირების ბიზნეს ინტერესებზეა მორგებული.

აუქციონის ვადა ხვალ, 17:00 საათზე იწურება. ადგილობრივ ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და აუქციონის შეჩერებაში ვერ ჩაერევიან.

დღის ამბები