18 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
აღმოჩნდება თუ არა ხევში ნაპოვნ ნივთებზე ვინმეს დეენემი- "კურიერის" გადაღებული კადრები შესაძლოა გიორგი შაქარაშვილის საქმის ნივთმტკიცებად იქცეს

კადრები, რომელიც "კურიერმა" გადაიღო, შესაძლოა მნიშვნელოვან მტკიცებულებად იქცეს, იმ გამოძიებისთვის, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზებს ისევ ადგენს.

ეს დამოკიდებულია ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელიც დააზუსტებს - ვის ეკუთვნის ნივთები, რომელიც რამდენიმე მეტრის მოშორებით იპოვეს იმ ადგილიდან, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი ნახეს. 

საქმეში დევს ოქმი, რომელიც 25 ივნისით თარიღდება. დოკუმენტში სწორედ ამ ნივთმტკიცებებზე საუბრობს გამომძიებელი, რომელმაც შემთხვევის ადგილი დაათვალიერა. ირკვევა, რომ გამოძიება არაგვის ხევის ტერიტორიით ხელახლა ინტერესდება მას შემდეგ, რაც 19 წლის ახალგაზრდა არაგვის ხევში იპოვეს.

იმ შემთხვევაში, თუ ამ ნივთებზე, რომელიმე ბრალდებულის დეენემის ნიმუში აღმოჩნდება, დაკონკრეტდება პირიც, რომელიც გაქცეულ ფეხბურთელს აედევნა. 

ხელახალი საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარებულიყო ნარეკვავის დასახლებაშიც. იმ აგარაკზე, სადაც 18 ივნისს ყველაფერი დაიწყო. უცნობია, გამოძიებას შეუშალა, თუ არა ხელი იმ ფაქტმა, რომ არსებული ინფორმაციით, ამ სახლში მძიმე დანაშაულიდან 2 დღეში კიდევ ერთი წვეულება გაიმართა და იქ ახალგაზრდების სხვა ჯგუფს უმასპინძლეს. გადაიფარა თუ არა ამით მტკიცებულებების კვალი - ეს კითხვა დღეს აგარაკის მფლობელებმა უპასუხოდ დატოვეს. 

კურიერის ინფორმაციით, დღეს მცხეთის პოლიციაში გამოკითხვაზე დაბარებული პირებს ჩვენება უკვე მიცემული აქვთ. მათ უკვე ისაუბრეს, იმაზე, თუ რა მოხდა მცხეთაში, თუმცა უცნობია, რის დაზუსტებას ცდილობდა საგამოძიებო უწყება. განყოფილების დატოვების შემდეგ კამერებთან არცერთი მათგანი საუბრობს. კურიერი კი აგრძელებს საქმის შესწავლას. 10 ტომიანი საქმის მასალებს შორის არის დაზარალებულის ჩვენებაც, რომელიც ქრონოლოგიურად და დეტალურად იხსენებს ნარეკვავის ტერიტორიის დატოვების შემდეგ მომხდარს.

ჩხუბში მონაწილე პირები შედარებით ნაკლებს საუბრობენ ვერსიაზე - რის გამო დაიწყო ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომელიც მძიმე შედეგამდე მივიდა. კურიერის ინფორმაციით, ჯერ კიდევ აგარაკზე კონფლიქტის მიზეზი ერთ-ერთი ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი გახდა, რომელთაც სავარაუდოდ ინტერესი გიორგი შაქარაშვილთანაც ჰქონდა. ადვოკატები ამ ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებენ.

ვერსია ბევრია, თუმცა ამ დრომდე უცნობი რჩება რა გახდა 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი. შაქარაშვილის საქმეზე დღეს პირველი კომენტარი გააკეთა პრემიერ მინისტრმა და საზოგადოებას მოუწოდა დაელოდოს გამოძიების საბოლოო შედეგებს.

საქმეზე დაკავებული 17 ბრალდებულის ბედი მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს. განაჩენი კი დამოკიდებულია გამოძიება რა შედეგითა და რა მტკიცებულებებით დაიწყებს ბრძოლას სასამართლოში.

დღის ამბები