სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ ის გიორგი რურუას არ შეიწყალებს, ოპოზიცია აკრიტიკებს. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების ფონზე, ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება და საერთაშორისო ზეწოლა გაგრძელდება.
"კარგად გვესმის, რომ ეს არ არის მისი გადაწყვეტილება, ესაა ივანიშვილის გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში ვითარება არ იქნება ნორმალური არჩევნებამდე, გაგრძელდება ზეწოლა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, გაგრძელდება ის შეფასებები, რაც იყო ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და რა თქმა უნდა, ეს არ შეუწყობს ხელს იმას, რომ იყოს ნორმალური წინასაარჩევნო გარემო და არც იმას, რომ მერე არჩევნები შეფასებული იყოს, როგორც ნორმალური და სამართლიანი. ამ მიზნით კეთდება ეს და როგორც ჩანს ივანიშვილი მიდის ამ გამოწვევებზე და მიიღებს შესაბამის პასუხს," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას "დემოკრატიის და დიპლომატიის ენა არ ესმით:
"გაგრძელდება ზეწოლა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ეს იქნება კიდევ უფრო მძიმე შედეგი ივანიშვილისა და მისი რეჟიმისთვის. ვინაიდან მას არ ესმის დემოკრატიის და დიპლომატიის ენა და ის გზავნილები, რითაც ესაუბრება მაგალითად პომპეო, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარები და ასე შემდეგ. დაასრულებს ისე, როგორც ყველა რეჟიმმა დაასრულა მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
განსხვავებულია სახელისუფლებო გუნდის პოზიცია, განცხადებას აკეთებს იუსტიციის მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს და ეს მისი პრეროგატივაა.
"მას ჰქონდა თავის განცხადებაში საკმაოდ პრინციპული ტონი, პოზიცია, ეს არის მისი გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ თვალშისაცემ საკონსტიტუციო რეალობას, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში, რაც შეეხება შეწყალებას და ნებისმიერ სხვა პოზიციას, არის დამოუკიდებელი და არ ექვემდებარება არავის, აქედან გამომდინარე მე ვერ წარმომიდგენია რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო მის განცხადებაზე თუ არა ის, რომ მოვისმინეთ, გავიგეთ და ვიცით," - განაცხადა თეა წულუკიანმა.