ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის საქმეზე დაკავებული ბესარიონ ჟვანია ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ჯერჯერობით არ გადაუყვანიათ. სავარაუდოდ მას პალატაში დღის განმავლობაში დაკითხავენ და ბრალის დადგენილებასაც გააცნობენ.
გამომძიებლები ექიმების ნებართვას ელოდებიან, რომელთა ინფორმაციითაც, დაჭრილები კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღე დარჩებიან.
ამასთან, გრძელდება დაკითხვები პოლიციის განყოფილებაში. ხელმეორედ დაიბარეს დანაშაულის თვითმხილველები. მათ შორის არის ახალგაზრდა ქალიც, რომლის გამოც, ერთ-ერთი ვერსიით დაპირისპირება მოხდა. უკვე დაიკითხა პარლამენტის ყოფილი წევრი გოგი თოფაძე და მისი მეუღლე.
"კურიერთან" პირველად მომხდარის ვერსიებზე და დეტალებზე საუბრობს დაზარალებული ლევან თოფაძის მამაც. ის ინციდენტის უშუალო შემსწრე არ არის და ის გამოკითხვაზე ჯერ არ დაუბარებიათ.
"ბავშვი ნორმალურად არის, კარგად. საქმეში მაკრატელი თუ ფიგურირებს არ ვიცი, ვერ გეტყვით. არ მაქვს სხვა ინფორმაცია. მე საერთოდ არ ვიყავი გამოკითხვაზე ჯერჯერობით, თუ საჭირო იქნება დამიძახებენ. არ ვიცი მე ვინ დაარტყა, როგორ დაარტყა, ვერ გეტყვით," - განაცხადა ლევან თოფაძის მამამ ირაკლი თოფაძემ.
გოგი თოფაძის განცხადებით, მისი მეუღლე ინციდენტს უშუალოდ შეესწრო.
"ოთახი, ბინა, სადაც მოხდა ეს ტრაგედია სისხლშია სულ კედლები, იატაკი და ყველაფერი. ვუთხარი, რომ იქ ცხოვრობს ჩემი შვილიშვილი და ოჯახის წევრები, ამიტომ უნდა გავწმინდოთ ეს ყველაფერი. 2 დღე დაგვაცადეთ, ის გოგონაც უნდა დაკითხონ, შეიძლება კიდევ ერთი ბიჭი დაკითხონ. იქ იყო სამი ვაჟი და ერთი გოგონა. ოთხნი იყვნენ, ყავას სვამდნენ, როდესაც ამოვიდა ეს ბატონი და ატეხა ეს ამბავი. ჩემს მეუღლეს კინაღამ მოხვდა დანა. მან როდესაც გაიგო ეს ამბავი, ამოვარდა და უკვე დაჭრილი იყო ჩემი შვილიშვილი, აშველებდა და კინაღამ მას მოხვდა დანა," - განაცხადა გოგი თოფაძემ.
ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე, ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ დრომდე არ მომხდარა. ლევან თოფაძეს ფილტვისა და კისრის არეში 4 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული, მას ოპერაცია დასჭირდა და მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად აფასებენ.
დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.