19 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
მკაცრი საკარანტინო რეჟიმი სვანეთში - ადგილზე ეპიდემიოლოგთა 16 ჯგუფი მუშაობს

სვანეთში მეორე დღეა ვითარებას პოლიცია აკონტროლებს, სპეციალური შტაბი კი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მესტიაში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს და ადგილზე სპეციალისტთა 16 ჯგუფი მუშაობს. ამ დროისთვის უკვე აღებულია 400-მდე PCR ტესტი და ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

დასახლებებში, რომელში შესვლა-გამოსვლას საპოლიციო ძალა აკონტროლებს, ძირითადად მხოლოდ სადისტრიბუციო მანქანებს უშვებენ, რომლებსაც სოფლებში სურსათი და საკვები პროდუქტები შეაქვთ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სვანეთში ამოქმედებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმის შესახებ საუბრობს. ნინო ვიბლიანი აცხადებს, რომ სოფელ ლენჯერში, სადაც ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა, დღეს სრულად იქნება გამოკვლეული. 

"6 ჯგუფიდან, დღეს უკვე 16 ჯგუფზეა ასული, გამოყენებულია რეგიონის სრული რესურსი ჯანდაცვის კუთხით. დღეს იქნება მთლიანად მოცული ლენჯერის თემი, იქიდან გამომდინარე, რომ პირველადი გამოვლინება ლენჯერის თემში იყო. მათი კონტაქტები ფიქსირდება როგორც მულახში, ისე წვირმიში და მოცული იქნება მულახიწვირმი და დანა მესტია. აღებულია 400-მდე ბიოლოგიური ნიმუში, რომელიც არის PCR კვლევაზე გადაგზავნილი, შესაბამისად, ამ ეტაპისთვის პასუხები არ გვაქვს, როგორც იქნება პასუხები, იქნება თქვენთვისაც ცნობილი,“ - განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი ამბობს, რომ ყველა ღონისძიება იქნება ჩატარებული იმისათვის, რომ პროდუქტებზე რაიმე სახის შეფერხება არ მოხდეს.

"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვეულ რეჟიმში იყოს მიწოდება და რომ ფასებმა არ აიწიოს. არანაირი შეფერხება არ იქნება, ამის უზარმაზარი გამოცდილება გვაქვს მარნეულში, ბოლნისში, ყარაჯალაში და ასევე გავაკეთებთ მესტიაშიც,"- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

დღის ამბები