დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, ყაზბეგის რაიონში, ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე კორონავირუსით ინფიცირების 5 შემთხვევა დაფიქსირდა, ვითარება აბსოლუტურად კონტროლირებადია.
როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ამ გამშვები პუნქტიდან ქვეყანაში ტურისტები არ შემოდიან და ის გახსნილია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის და ტრაილერების მძღოლებისთვის, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირების კუთხით რისკჯგუფს მიეკუთვნებიან.
"შემთხვევები აბსოლუტურად კონტროლირებადია. ყველა ის ადამიანი იყო გადაყვანილი თვითიზოლაციაში, ასე რომ იქ პრობლემები ჯერ ჯერობით გამოკვეთილი არ არის, ჩვენი რაზმი წასულია იქ სამუშაოდ.
ტურისტები იქიდან ვერ შემოდიან, იქიდან შემოდიან საქართველოს მოქალაქეები, ძალიან ბევრი, სხვათა შორის, და, ასევე, ტრაილერის მძღოლები. მოგეხსენებათ, დღემდე 110-ზე მეტი ტრაილერის მძღოლია დადასტურებული ინფიცირებული. ძალიან ბევრი სწორედ ამ გზითაა შემოსული, ასევე ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც რუსეთიდან შემოდის საქართველოში. მოგეხსენებათ, კარანტინებიდან 300-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ასე რომ, ასეთი ადამიანები არიან საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ.
ეს ადამიანები, რადგან პროფესიულად მაღალი რისკია, პერიოდულად იტესტებიან, ასე რომ იქ ვერ ვხედავ იმის საშიშროებას, რომ სიტუაცია ძალიან გართულდეს. იქ ჩვეულებრივი სამუშაოები ჩატარდება, დადგინდება კონტაქტები, რათა მოხდეს მათი იზოლირება, გამოკვლევა,"-განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ ყაზბეგში კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტი ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის თანამშრომლები არიან. რა გახდა მათი ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, დაუდგენელია.