19 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
Traveler.ge-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ტრაგედიამდე გიდს ესაუბრა -შალვა ბოლოთაშვილის 7-საათიანი დაკითხვა დასრულდა

შატილში მომხდარ ტრაგედიაზე 7-საათიანი დაკითხვა დასრულდა, საგურამოს პოლიცია traveler.ge-ს ხელმძღვანელმა შალვა ბოლოთაშვილმა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

"შემთხვევის დღეს, 4 საათსა და 45 წუთზე მე ვესაუბრე გიდს, რომელმაც მითხრა რომ ყველაფერი რიგზე იყო. ეს ზარი ჩემს ტელეფონში ფიქსირდება. მანამდე მათ არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ,"- განაცხადა traveler.ge-ს ხელმძღვანელმა შალვა ბოლოთაშვილმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ტრანსპორტის საკითხზე ინფორმაცია სხვა პირებს -  კომპანიის თანამშრომლებს ჰქონდათ, რომლებიც გამოძიების ფარგლებში იკითხებიან. 

აღსანიშნავია, რომ დღეს გამოკითხვაზე კომპანიის სხვა მძღოლიც იყო მისული, მან გამოძიებას უთხრა, რომ მძღოლი, რომელიც ავტოკატასტროფას ემსხვერპლა, პირველად იყო ხევსურეთში და მისივე თქმით, მან წინასწარ მიიღო რჩევა იმ გზებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაევლო. 

საგამოძიებო პროცესი გრძელდება დუშეთშიც, იქ გამოკითხვაზე იმყოფებიან სოფელ ბისოს მცხოვრებლები, რომლებმაც ბოლოს ნახეს გარდაცვლილი მძღოლი და მგზავრები. 

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. 17 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

 

დღის ამბები